საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საქართველოს ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე შეიწყალა.
უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმერ დიაჩენკო და იური ხიმინჩი, ასევე საქართველოს მოქალაქე, მიხეილ ბატურინი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია, სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავეს. გამოძიება მათ საზღვრის ჯგუფურად უკანონო კვეთას ედავებოდა. ბრალდებულები კი ამბობდნენ, რომ იახტით უკრაინიდან თურქეთში მიემგზავრებოდნენ.
ასევე, მათი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, გამოძიებას ჰქონდა ეჭვიც, რომ დაკავებულებს საქართველოში უკანონო მიგრანტის შემოყვანაც სურდათ.
სამივე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 ივლისს 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულთა ადვოკატმა სასამართლოს განაჩენი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა, რადგან მისი თქმით, მეზღვაურები კანონდარღვევით არ გაადგილდებოდნენ.
ბექა ბასილაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მეზღვაურები დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.
თუმცა, ბასილაიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, სასჯელის გამოტანის შემდეგ უკრაინის მოქალაქეებს ციხის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნის დაწერა შესთავაზა. ბასილაიას თქმით, მსგავსი შეთავაზება არ ჰქონიათ ბატურინის მიმართ, უკრაინის მოქალაქეებმა კი შეწყალების თხოვნაზე უარი თქვეს.
ბასილაიას თქმით, შეწყალების შეთავაზების მიზეზი საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი იყო. „რადგან 19-ში იგეგმებოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის ვიზიტი საქართველოში და არ უნდოდათ გახვეულიყვნენ დიპლომატიურ სკანდალში, რამდენადაც უკრაინის ხელისუფლება აბსოლუტურად ინფორმირებულია, თუ როგორი უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობდა მათი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – ამბობს ბასილაია.
უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებას დღეს Twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი.
„2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობდით საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხიმინჩისა და ვლადიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მადლობელი ვარ ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას“, – წერს ზელენსკი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ მსჯავრდებულები, რომლებიც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობის გამო დააკავეს, ზელენსკის ადმინისტრაციის პრინციპული პოზიციის გამო გათავისუფლდნენ და მადლობას უკრაინის პრეზიდენტს უხდის.
„პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრაზე დაისვა ჯერ კიდევ ეს საკითხი, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ორ სახელმწიფოს შორის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ იმიტომ, რომ არაფრის გამო, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო, პრეზიდენტ სააკაშვილის დევნის გამო უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს საქართველოს მოქალაქესთან ერთად“, – თქვა დეკანოიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი წერს, რომ ზურაბიშვილმა მეზღვაურები მას შემდეგ შეიწყალა, როცა დღეს დაგეგმილი კონფერენციის ჩაშლის საშიშროება დადგა. სააკაშვილის თქმით, ზელენსკი მეზღვაურების გათავისუფლებამდე საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ უკრაინის პრეზიდენტი კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებდა, საქართველოში ჩამოსვლისგან თავის შეკავებას გეგმავდა მოლდოვის პრეზიდენტიც.
ვოლოდომირ ზელენსკი დღე მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთად საქართველოს ეწვია. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება ასევე და სიტყვით გამოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.