ზელენსკი: შესაძლოა, აშშ-მა და რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით, კიევის მონაწილეობის გარეშე, ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიონ

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა, აშშ-მა და რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით, კიევის მონაწილეობის გარეშე, ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიონ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გამოცემა kyiv independent-ის ცნობით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომდევნო კვირაშივე განახლდეს და ის, სავარაუდოდ, აშშ-ის ტერიტორიაზე გაიმართება.

„პოტენციური რისკების გათვალისწინებით, უკრაინის დელეგაციამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თუ რუსეთსა და აშშ-ს შორის რაიმე სახის ორმხრივი შეთანხმება შედგება, უკრაინასთან დაკავშირებული დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას“, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელიც, სავარაუდოდ, ტერიტორიულ საკითხებს გულისხმობდა.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ის წინადადებაა, ომი ამ ზაფხულის დაწყებამდე დასრულდეს და ამ ვადების დასაცავად მხარეებზე ზეწოლას, სავარაუდოდ, გაზრდის.

ზელენსკის ვარაუდით, ეს ძალისხმევა აშშ-ის შიდაპოლიტიკურ დინამიკას უკავშირდება, რითაც სავარაუდოდ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე მიანიშნა.

ზელენსკის თქმით, კიევი იღებს სიგნალებს, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა შესაძლოა, ხელი მოაწერონ ორმხრივ დოკუმენტებს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს სრული წვდომა აშშ-რუსეთის ყველა შესაძლო ბიზნესშეთანხმებაზე, თუმცა გარკვეული დეტალები სადაზვერვო არხების მეშვეობით გახდა ცნობილი.

მაგალითად, ზელენსკიმ დაასახელა ე.წ. „დიმიტრიევის პაკეტი“, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში რუსმა მომლაპარაკებელმა, კირილ დიმიტრიევმა წარადგინა.

„დაზვერვამ მაჩვენა ე.წ. „დიმიტრიევის პაკეტი“, რომელიც მან აშშ-ში წარადგინა — ის დაახლოებით 12 ტრილიონ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ზელენსკიმ და მას აშშ-სა და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზებული ჩარჩო უწოდა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ კიევმა ასევე დაინახა ნიშნები იმისა, რომ აშშ-რუსეთის პოტენციური ორმხრივი დოკუმენტები შესაძლოა უკრაინასთან დაკავშირებულ პუნქტებსაც შეიცავდეს.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ უკრაინა მხარს არ დაუჭერს თუნდაც პოტენციურ შეთანხმებებს ჩვენ შესახებ, ჩვენი მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.