ზელენსკი შეშფოთებულია ამ ამბით და ველით განმარტებას ქართული მხარისგან - უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი წერს, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია ამ ამბით და უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, მათი მოქალაქის დაკავების გარემოებები და მიზეზები განმარტონ.

„ჩვენ სიფრთხილით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ასეთი ამბითა და იმ განცხადებების ტონით, რომლებიც ისმის საქართველოში სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, რომ განმარტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ გადადგმული ნაბიჯების გარემოება და მიზეზები.

საქართველოში უკრაინის საელჩოს ჯერ კიდევ არ მიუღია დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია. თუმცა, ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ იმისთვის, რრომ მიხეილ სააკაშვილს აღმოვუჩინოთ ყველა სახის დახმარება, რაც მას სჭირდება“, – წერს ნიკიფოროვი Facebook-ზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოში დააკავეს. მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, ბათუმში იყო ჩაწერილი. მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ის საქართველოში დაბრუნდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ ინფორმაციას თავდაპირველად უარყოფდნენ.