ზელენსკი: ტერიტორია თუ ხალხი? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსებს მიწის 30% ვაჩუქოთ

პუბლიკა

უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა, რომელიც შეუნარჩუნებს უკვე დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიას, არ არის კარგი გამოსავალი ომიდან.

„ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი – ტერიტორია თუ ხალხი?” როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ […].

ვინ გითხრათ, რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? ის უკვე გაყინული იყო. მას უბრალოდ სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს მისი ხელმძღვანელობით, მისი დარჩენილი დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და „რესპუბლიკელების” საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვებსაც, რომ ის ერთ დღეში დაამთავრებდა ომს.

„ყველა ბედნიერი იქნება, თუ მსოფლიოში ერთი ადამიანი, და ეს ადამიანი დონალდ ტრამპია, შეძლებს ომის შეჩერებას 24 საათში. საკითხავია, რა არის ამის საფასური და ვინ გადაიხდის?

პუტინი წაიღებს მიწებს, გაიმარჯვებს თავისი საზოგადოებისთვის. და ბოლოს არაფერი, არავინ ციხეში, არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი ტრიბუნალი – არაფერი, ნული. დიახ, ეს ძალიან მარტივი გზაა. მაგრამ ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით ამას, არასოდეს. და არ არსებობს არც ერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც გვაიძულებს ამის გაკეთებას.

იმიტომ, რომ საუბარი არ არის ერთ პრეზიდენტზე ან ათ ადამიანზე, ეს ეხება ქვეყანას. რუსებმა უამრავი ადამიანი დახოცეს, როგორ შეიძლება უბრალოდ დაივიწყო? ჩვენ ამას არ ვაპატიებთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.