უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ზელენსკი ასე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი „4%-ზეა დასული”.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის მიხედვით, მას უკრაინელების 58% ენდობა.
„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს ახლა არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს.
სამწუხაროდ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გუშინ, 18 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას რუსეთთან შეთანხმება ადრე უნდა გაეფორმებინა.
ტრამპი ამ კომენტარით გამოეხმაურა ზელენსკის და უკრაინის მხარის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის შეხვედრაზე უკრაინის დელეგაცია არ იყო წარმოდგენილი. მან უკრაინა ომის დაწყებაში დაადანაშაულა და თქვა:
„დღეს მოვისმინე, რომ „ოჰ, არ ვიყავით მიწვეულები“, სამი წელია აქ ხართ. უნდა დაგესრულებინათ – 3 წელი. აქ არც უნდა ყოფილიყავით, არ უნდა დაგეწყოთ. უნდა მიგეღწიათ შეთანხმებისთვის. მე უკრაინისთვის შეთანხმებას მივაღწევდი – მათ ექნებოდათ მიწების თითქმის სრული ნაწილი, ყველაფერი, თითქმის ყველა მიწა და არცერთი ადამიანი არ დაიღუპებოდა, არცერთი ქალაქი არ განდგურდებოდა“.
მას ასევე ჰკითხეს რუსეთის სურვილზე უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა გააჟღერა კრემლის ნარატივი, რომ ზელენსკის რეიტინგი „4%-მდეა დაცემული”. Politico ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ზელენსკის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, გასულ თვეს მას 52%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ რუსეთის სურვილი არ არის და ის მომდინარეობს როგორც აშშ-ს, ასევე, სხვა ბევრი ქვეყნისგან.
უკრაინის ბოლო არჩევნები გასულ აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნებთან მისვლა ომის პერიოდში შეუძლებელი იქნებოდა – ეს პოზიცია ქვეყნის კონსტიტუციით არის მხარდაჭერილი.