უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუ ის ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას დაემუქრება.
ზელენსკის თქმით, 28 მარტს უკრაინამ აშშ-სგან შეთანხმების ახალი ვერსია მიიღო.
„რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ მიიღო შეთანხმების ვერსია აშშ-ის ხაზინის მდივან ბესენტთან ორმხრივი კონტაქტის დროს, მაგრამ ჩვენ უნდა შევადაროთ, არის თუ არა ეს იგივე შეთანხმება. მე მას რამდენიმე კითხვა დავუსვი. მისი თქმით, ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება, ეს არის სრულიად განსხვავებული დოკუმენტი, არის მასში ბევრი რამ, რაც არ იყო ნახსენები და ასევე გამოჩნდა რაღაცები, რაც მხარეებმა ადრე უარყვეს. მოდით, იურისტებმა შეადარონ ყველა ეს შეთანხმება, უკვე ბევრია და მე მივიღებ იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენმა მხარემ ოფიციალურად მიიღო. უკრაინის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენაა… არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. არაფერია, რაც შეიძლება ემუქრებოდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა, თუმცა პირველ შეხვედრაზე ტრამპმა და ზელენსკიმ იკამათეს.
დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა. აშშ-ში ვიზიტის დროს მოსალოდნელი იყო, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერდა მინერალების შეთანხმებას, რაც არ მოხდა.
4 მარტს, აშშ-მა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, გააჩერა ის შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც უკვე სატვირთო ხომალდებზე იყო და უკრაინაში უნდა გაგზავნილიყო. ამავე დღეს ზელენსკიმ დაწერა, რომ „უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა“ და რომ მისი გუნდი და თავად მზად არიან იმუშაონ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ.
5 მარტს დონალდ ტრამპმა კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას.