ზელენსკი ზურაბიშვილსა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

პუბლიკა

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის წერილი გააცნო. წერილის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.

„მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას და პირადად თქვენ 23 აგვისტოს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისათვის. ამ სამიტმა წარმოაჩინა მსოფლიო დემოკრატიის ერთიანობა და სიმტკიცე უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის რუსული აგრესიისგან დაცვაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას. სამიტმა ასევე დაადასტურა უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება, დაიცვან თავიანთი თავი რუსეთის აგრესიისგან (რომელიც 2014 წელს ყირიმის მიტაცებით დაიწყო) და გაათავისუფლონ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უკრაინის მთელი ტერიტორია, მათ შორის [ყირიმის] ნახევარკუნძული.

ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ფასდაუდებელია ჩვენთვის, რადგან თქვენი მხარდაჭერა გამარჯვებასთან გვაახლოებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპაციისგან და პასუხი ვაგებინოთ კრიმინალურ და აგრესიულ ომზე პასუხისმგებელ პირებს. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მწამს, რომ გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, – აღნიშნულია წერილში.