ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო, ის იმყოფებოდა ქარხანაში, სადაც უკრაინისთვის ჭურვებს აწარმოებენ

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მან ვიზიტი დაიწყო პენსილვანიის შტატში, იმ ქარხანაში მისვლით, სადაც უკრაინის არმიისთვის 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ.

ზელენსკიმ ქარხნის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და X-ზე დაწერა, რომ პენსილვანიასა და ზაპოროჟიეს შორის თანამშრომლობა გაფართოვდება. პენსილვანიაში ზელენსკი შეხვდა შტატის გუბერნატორს, შტატის სენატორსა და კონგრესმენს.

უკრაინის პრეზიდენტი  შტატებში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში.  ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუდგენს „გამარჯვების გეგმას“ და შეხვდება პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.

„ეს შემოდგომა განსაზღვრავს ამ ომის მომავალს“. – დაწერა ზელენსკიმ X-ზე თვითმფრინავის აშშ-ში დაშვებამდე და თქვა, რომ პარტნიორებთან ერთად შესაძლებელია გაძლიერდეს უკრაინის პოზიციები, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის.

უკრაინა უბიძგებს პარტნიორებს, მისცენ შორი დისტანციის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ იყო შეზღუდვის შემსუბუქების ნიშნები, ზელენსკიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ ჯერ არც აშშ-ს და არც გაერთიანებულ სამეფოს არ მიუცია უკრაინისთვის ნებართვა, მსგავსი ტიპის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით.