ზელენსკიმ ბაიდენი უკრაინაში მიიწვია

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა შტატების პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ვიზიტი ძლიერი სიგნალი იქნება სიტუაციის დასტაბილურებისთვის და ხელს შეუწყობს ვითარების დეესკალაციას.

პრეზიდენტ ზელენსკის ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი 13 თებერვალს ჰქონდა.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა უკაინის გარშემო უსაფრთხოების სიტუაცია განიხილეს, გაცვალეს ინფორმაცია და დეესკალაციის გზებზე იმსჯელეს.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გრძნობს აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერას. ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინას ესმის არსებული რისკი და მზადაა ნებისმიერი განვითარებისთვის.

თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ შტატები მოკავშირეებთან ერთად სწრაფად უპასუხებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას.