ზელენსკიმ და მისმა გუნდმა წერტილი დაუსვა „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ისტერიკას - დეკანოიძე

პუბლიკა

უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრები ტელეკომპანია „მთავართან” ინტერვიუში აფასებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის, მათ შორის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

„ასევე არის მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინისთვის, რომ რეფორმების ყველაზე მთავარი ლოკომოტივი იქნება მიხეილ სააკაშვილი. არის გზავნილი პრეზიდენტი ზელენსკის მხრიდან ოლიგარქებისთვის და რევანშისტული სისტემისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა გუნდმა, რომელიც ახლა მმართველია და უმრავლესობით არის უმაღლეს რადაში, წერტილი დაუსვა „ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების სამარცხვინო ისტერიკასა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ მთელ ამ პერფორმანსს, რომელიც მათ მოუწყეს უკრაინის ხელისუფლებას“, – აღნიშნავს დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ უფრო სამარცხვინოდ წარმოჩინდა „ქართული ოცნების” მიერ მოწყობილი ის ისტერიკა, თუ ვის დანიშნავდა უკრაინის ხელისუფლება სხვადასხვა თანამდებობაზე.

„ეს არის მხოლოდ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის ხელისუფლების საქმე და არა „ქართული ოცნების” ან რომელიმე  აქაური პარტიის.  რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას, მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ უკრაინას, როგორც რეფორმების გზაზე, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა კახიძემ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს.

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ხელი დღეს მოაწერა. „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს, რეფორმების ეროვნულ საბჭოს მისცეს იმპულსი და დაეხმაროს ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – ასე ციტირებას უკეთებს ზელენსკის კომენტარს უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი.