ზელენსკიმ კანის ფესტივალის გახსნაზე მაყურებელს კინოეკრანიდან მიმართა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე კინოეკრანიდან აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ გამოსვლისას ახსენა ჩარლი ჩაპლინი და ფილმი „დიდი დიქტატორი“, ასევე ფრენსის ფორდ კოპოლას სურათი „აპოკალიფსი ახლა“. მან ფიქციური დიქტატორებისა და ომების პარალელი გაავლო უკრაინის დღევანდელობასთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი დამარცხდება. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. დიდება უკრაინას“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის ფონზე „ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რომელიც დაამტკიცებს, რომ კინო არ არის უხმო“.

 


ვოლოდიმერ ზელენსკის არაერთ ფილმსა და სერიალში მიუღია მონაწილეობა. მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სერიალი „ხალხის მსახური“ სარგებლობს.