ზელენსკიმ პირველად წარმოადგინა ომის დასრულების 20-პუნქტიანი „ძირითადი დოკუმენტი“

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ პირველად წარმოადგინა ომის დასრულების 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელსაც მან უკრაინას, აშშ-ს, ევროპას და რუსეთს შორის „ძირითადი სამუშაო დოკუმენტი“ უწოდა.

„მზად ვარ, ვისაუბრო 20-პუნქტიან სამუშაო დოკუმენტზე. ამ დოკუმენტს ეწოდება ჩარჩო, ომის დასრულების საბაზისო დოკუმენტი, პოლიტიკური დოკუმენტი უკრაინას, აშშ-ს, ევროპას და რუსეთის ფედერაციას შორის“. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დოკუმენტი მოიცავს აშშ-ის და უკრაინის საერთო ღირებულებებს ბევრ სხვადასხვა სფეროში. ზელენსკის თქმით, დოკუმენტში ზოგიერთი საკითხი კვლავ საჭიროებს დამატებით მუშაობას და შეთანხმებას.

  1. უკრაინის სუვერენიტეტი კიდევ ერთხელ დადასტურდება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. შეთანხმების ყველა მხარე ამას ადასტურებს თავისი ხელმოწერებით.
  2. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სრულ და უპირობო შეთანხმებას თავდაუსხმელობის შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის. მასში აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნება მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც კოსმოსური უპილოტო მეთვალყურეობის გამოყენებით გააკონტროლებს კონტაქტის ხაზს, უზრუნველყოფს დარღვევების შესახებ ადრეულ გაფრთხილებას და აღმოფხვრის კონფლიქტებს.
  3. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს.
  4. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩება 800 ათასი მშვიდობის დროს.
  5. აშშ, NATO და ევროპელი ხელმომწერი ქვეყნები უკრაინას უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებით, რომელიც NATO-ს წესდების მე-5 მუხლის ანალოგიურია.თუ რუსეთის ფედერაცია კვლავ დაესხმება თავს უკრაინას, კოორდინირებულ სამხედრო რეაგირებასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ყველა გლობალური სანქცია აღდგება.

    თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ან პროვოკაციის გარეშე ცეცხლს გახსნის რუსეთის ტერიტორიაზე, გარანტიები ბათილად ჩაითვლება. თუმცა, თუ რუსეთის ფედერაცია ცეცხლს გახსნის უკრაინაზე, გარანტიები ამოქმედდება.

    ზელენსკიმ თქვა, რომ გარანტიების სანაცვლოდ აშშ-სთვის კომპენსაციის საკითხი ცალკე იყო ნახსენები, თუმცა, ეს პუნქტი ამოღებულ იქნა, ვინაიდან უკრაინული მხარისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა იგულისხმება მასში.

    შეთანხმება არ აბათილებს უკრაინის ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებებს სხვა სახელმწიფოებთან (ეს გულისხმობს შესაძლო შეთანხმებებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც „მსურველთა კოალიციის“ წევრები არიან, აგრეთვე ევროპის ფარგლებს გარეთ არსებულ პარტნიორებთან).

  6. რუსეთი ასახავს ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას ყველა საჭირო კანონსა და სარატიფიკაციო დოკუმენტში, მათ შორის სახელმწიფო დუმის ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით რატიფიცირების გზით.
  7. გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას განსაზღვრულ ვადებში და დროებით პრეფერენციულ წვდომას ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, გაწევრების კონკრეტული თარიღები ცალკე განხილვის საგანია და, როგორც აღინიშნა, კვლავ საჭიროებს დადასტურებას ევროპული მხარისგან.
  8. უნდა შეთანხმდეს უკრაინის „განვითარების პაკეტი“, რომელიც გაფორმდება ცალკეული საინვესტიციო შეთანხმებით მომავალი კეთილდღეობის შესახებ. ეს მოიცავს:განვითარების ფონდის შექმნას სწრაფად მზარდ სექტორებში (ტექნოლოგიები, მონაცემთა ცენტრები, ხელოვნური ინტელექტი) ინვესტირებისთვის;

    აშშ-სა და ამერიკულ კომპანიებსა და უკრაინას შორის თანამშრომლობას გაზის ინფრასტრუქტურის აღდგენის, მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის სფეროში;

    დაზარალებული ტერიტორიების, ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების აღდგენასა და რეაბილიტაციას;

    ინფრასტრუქტურის განვითარებას;

    წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებას;

    მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალური დაფინანსების პაკეტის მომზადებას;

    მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნას და „კეთილდღეობის“ ადმინისტრატორის/კოორდინატორის დანიშვნას აღდგენის გეგმის განსახორციელებლად.

  9. შეიქმნება რამდენიმე ფონდი უკრაინის ეკონომიკის აღდგენის, დაზიანებული რაიონებისა და ოლქების რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მიზანი იქნება 800 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვა სააქციო კაპიტალის, გრანტების, ობლიგაციებისა და კერძო სექტორის შენატანების მეშვეობით.აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა უნდა შექმნან კაპიტალისა და გრანტების ფონდი დაახლოებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით უკრაინაში ინვესტირებისთვის.

    ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის გათვალისწინებულია ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრი; საერთაშორისო ინსტიტუტებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ პროცესებს.

    უკრაინამ გამოხატა განზრახვა, დანერგოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

    ცალკეა განსაზღვრული უკრაინის უფლება ზიანის ანაზღაურებაზე (კომპენსაციაზე).

  10. ამ შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინა დააჩქარებს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასრულების პროცესს.
  11. უკრაინა ადასტურებს, რომ იგი დარჩება ბირთვული იარაღის არმქონე სახელ
  12. მწიფოდ „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ“ ხელშეკრულების შესაბამისად. წამოყენებულია წინადადება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ.ამერიკული წინადადება: კონტროლის თანაბარი გადანაწილება, სადაც აშშ იქნება ერთობლივი საწარმოს მთავარი მმართველი.

    უკრაინული წინადადება: ეს იქნება უკრაინისა და აშშ-ის ერთობლივი საწარმო, 50/50-ზე კონტროლით, სადაც გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარი წავა უკრაინაში, ხოლო მეორე ნახევარი — აშშ-ში (რომელიც შემდეგ განსაზღვრავს მის განაწილებას).

  13. ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, დანერგოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებსა და მთლიანად საზოგადოებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის გაგებასა და ტოლერანტობას, ასევე აღმოფხვრის რასიზმსა და ცრურწმენებს. უკრაინა დანერგავს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ.
  14. ტერიტორიული გადანაწილება: წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, სუმისა და ხარკივის ოლქებიდან.ვარიანტი 1: „ვჩერდებით იქ, სადაც ვართ“. დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ჯარების განლაგების ხაზი შეთანხმების დადების თარიღისთვის გახდება დე ფაქტო აღიარებული საკონტაქტო ხაზი და მასზე მონიტორინგს საერთაშორისო ძალები განახორციელებენ.

    ვარიანტი 2: დონბასში პოტენციური თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რაც ამ ტერიტორიის დემილიტარიზაციას გულისხმობს. უკრაინა ეწინააღმდეგება საკუთარი ძალების გაყვანას, მაგრამ თუ ეს ვარიანტი განხორციელდა, იგი დაჟინებით მოითხოვს რუსული ჯარების გაყვანასაც. ეს ვარიანტი მოითხოვს სრულიად უკრაინის მასშტაბით რეფერენდუმის ჩატარებას შეთანხმების რატიფიცირებისთვის.

    ეს საკითხი, შესაძლოა, საბოლოოდ გადაწყდეს სახელმწიფო ლიდერების დონეზე.

  15. მომავალი ტერიტორიული მოწყობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთის ფედერაცია და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ ეს მოწყობა ძალის გამოყენებით.
  16. რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინის მიერ მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას. გაფორმდება ცალკეული საზღვაო შეთანხმება და წვდომის შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ნაოსნობისა და ტრანსპორტირების თავისუფლებას. ამ შეთანხმების საფუძველზე, კინბურნის ცელა (Kinburn Spit) იქნება დემილიტარიზებული.
  17. დარჩენილი (გადაუჭრელი) საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი. ყველა სამხედრო ტყვე, მათ შორის ისინიც, ვინც 2014 წლიდან მოყოლებული რუსულ სისტემაში იმყოფებიან პატიმრობაში, გაიცვლება პრინციპით „ყველა ყველაზე“. დაბრუნებული იქნება ყველა დაკავებული სამოქალაქო პირი და მძევალი, მათ შორის ბავშვები და პოლიტიკური პატიმრები. მიღებული იქნება ზომები ომის მსხვერპლთა პრობლემებისა და ტანჯვის შესამსუბუქებლად.
  18. უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს შეთანხმების ხელმოწერისთანავე, რაც შეიძლება მალე. პირველ რიგში საპრეზიდენტო არჩევნები: უკრაინის პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს და კენჭი უყაროს არჩევნების ჩატარების მექანიზმს სამხედრო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნამდე. ამის შემდეგ კი ჩაატაროს საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები.
  19. ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე. მის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და უზრუნველყოფს „მშვიდობის საბჭო“ (Peace Council), რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. უკრაინა, ევროპა, ნატო, რუსეთი და აშშ იქნებიან ამ მექანიზმის ნაწილი. დარღვევების შემთხვევაში დაწესდება სანქციები.
  20. როგორც კი ყველა მხარე დათანხმდება ამ შეთანხმებას, დაუყოვნებლივ ამოქმედდება ცეცხლის სრული შეწყვეტის რეჟიმი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსული მხარის მიერ მომზადებულ სამუშაო დოკუმენტს დღეს, 24 დეკემბერს ელოდებიან მას შემდეგ, რაც ამერიკული მხარე მათთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების სავარაუდო ვადები. ჩვენ მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის, რათა გადაიჭრას სენსიტიური საკითხები. ისეთი თემები, როგორიცაა ტერიტორიული საკითხები, ლიდერების დონეზე უნდა იქნას განხილული“. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.