ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენპროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პუბლიკა

თავიანთ უწყებებში ღალატისა და მტერთან კოლაბორაციის ფაქტების მიზეზით, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და გენერალურ პროკურორს თანამდებობები დაატოვებინა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად ამ უწყებების 60-ზე მეტი ყოფილი თანამშრომელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთისთვის მუშაობს. ჯამში კი, სამართალდამცველების წინააღმდეგ კოლაბორანტობისა და ღალატის მუხლებით 651 საქმეა აღძრული.

„ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რაოდენობა სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ უწყებების ხელმძღვანელების მიმართ… ყველა ამ შეკითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – თქვა ზელენსკიმ.

უსაფრთხოების სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიკტოვა, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

ივან ბაკანოვი, რომელიც ზელენსკის ბავშვობის მეგობარია, თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ანექსირებული ყირიმის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ოლეჰ კულინიჩი ღალატის ბრალდებით დააკავეს.