უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ უნგრულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვიქტორ ორბანს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე შეხვდა. თავდაპირველად ორბანის პრესსამსახურმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინისა და უნგრეთის ლიდერები ერთმანეთს ხელს ართმევენ. უნგრული მედიის ცნობით კი, ზელენსკი ორბანს სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვდა.
სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები ოთხ ჯგუფად შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს. ზელენსკიმ ორბანთან ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, ავსტრიისა და სლოვენიის ლიდერებთან ერთად გამართა შეხვედრა.
უნგრული მედია წერს, რომ უცნობია, დაეთანხმა თუ არა ორბანი მიწვევას. თუმცა, როგორც მედია წერს, შეხვედრაზე ზელენსკიმ ჩამოთვალა ის შეიარაღება, რაც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სჭირდება, უნგრეთისა და ავსტრიის ლიდერებმა კი მაშინვე განაცხადეს, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თავს იკავებს უკრაინის მხარდაჭერისგან.
ორბანმა დასავლეთი და უკრაინის ხელისუფლება რამდენჯერმე გააკრიტიკა, ასევე განაცხადა, რომ მას არ სჯერა ომში უკრაინის გამარჯვების და მოელის, რომ ის ნანგრევებად იქცევა. ორბანის ხელისუფლება ბლოკავდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების გადაცემასაც.
ასევე უნგრეთი ჯერჯერობით თავს იკავებს შვედეთისა და ფინეთის NATO-ს წევრობაზე თანხმობის რატიფიცირებისგან. ორბანის ხელისუფლებას ურთიერთობა გაუფუჭდა ევროკავშირთანაც. ევროკომისიის შეფასებით, უნგრეთმა არ შეასრულა თავის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომლის მიხედვუთაც მას სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები უნდა გაეტარებინა.