ზელენსკის თქმით, აშშ-ის მიერ NATO-ში უკრაინის წევრობის გამორიცხვა რუსეთისთვის „საჩუქარია“

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოშია, სადაც პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს და ფინანსთა მინისტრს, NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრემიერ-მინისტრმა სტორემ განაცხადა, რომ ნორვეგია აგრძელებს უკრაინისა და მისი ძალისხმევის მხარდაჭერას „ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისა და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.

მისი თქმით, უკრაინისთვის ნორვეგიის დახმარების ახალი შეთანხმებული ზრდა უკვე „ითარგმნება“ პრაქტიკულ დახმარებაში, მათ შორის, არტილერიაში, საბრძოლო მასალასა და თვითმფრინავებში.

„ეს არის პარტნიორობა, რომელიც ყოველდღიურად წინ მიდის და თქვენ შეგიძლიათ ამ მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. სუვერენული ქვეყნის უფლებაა, რომ შეეწინააღმდეგოს აგრესორს და თქვენ ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვთ ამ ბრძოლაში“, — უთხრა სტორემ ზელენსკის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივაზე. მისი თქმით, თავდაპირველად უკრაინამ წარმოადგინა ზღვისა და საჰაერო ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ცეცხლის სრულად შეწყვეტა მოითხოვა.

ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა: „მე მაშინვე ვთქვი, რომ ამაზე თანახმა ვიყავით, ჩვენ დავადასტურეთ, რომ გვინდა შემდეგ ეტაპზე გადასვლა“.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ, პროცესმა „უკან დაიხია“ ცეცხლის შეზღუდული შეწყვეტის საკითხით, რომელიც ენერგეტიკასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იქნებოდა კონცენტრირებული.

ზელენსკი ამბობს, რომ ეს საკითხი დონალდ ტრამპთან საუბრისას განიხილა და მას შესთავაზა სრული სია იმ ობიექტებისა, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში დაცული უნდა იყოს.

ჟურნალისტებმა ზელენსკის ასევე კითხეს ზაპაროჟიას ან სხვა ენერგეტიკული აქტივების აშშ-ის საკუთრებაში გადასვლის პერსპექტივაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე უპასუხა, რომ „ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინელ ხალხს,“ სახელმწიფო საკუთრებაშია და ფინანსდება უკრაინის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტის განხილვაზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს რუსეთის მოთხოვნაა და არ განიხილება.

მისი თქმით, ნებისმიერი წინადადება, რომელიც უკრაინის ჯარს რადიკალურად შეამცირებს ან ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად გამოაცხადებს, არის „ულტიმატუმი და არა შეთავაზება ომის დასასრულებლად“.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვას, ზელენსკი აცხადებს, რომ ეს „რუსეთისთვის დიდი საჩუქარია“.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დონალდ ტრამპი აპირებს ოკუპირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადოს, ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპს ამაზე მასთან საუბრისას არაფერი უხსენებია, მაგრამ დაამატა, რომ საკითხზე ნოემბერში, ნიუ-იორკში ისაუბრეს, როცა ტრამპმა ჰკითხა, „როგორია [ყირიმი] და რატომ უყვართ უკრაინელებს ასე“.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ყირიმი უკრაინის ნახევარკუნძული და მისი განუყოფელი ნაწილია“.