უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა და ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო ერთ-ერთ უკრაინელ ოლიგარქს, რინატ ახმეტოვს. ამის შესახებ ზელენსკიმ ე.წ. პრესმარათონზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს აქვს აუდიოჩანაწერებიც, რომელშიც რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები გარკვეულ პირებთან სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის შესაძლო ჩართვას და მისი მეშვეობით მილიარდობით დოლარის მოგროვებას განიხილავენ.
ზელენსკის თქმით, ვერ იტყვის, იცოდა თუ არა ამის შესახებ თავად რინატ ახმეტოვმაც, ამიტომ მას სასაუბროდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან სხვა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ელოდება. თუმცა, ზელენსკი დასძენს, რომ ახმეტოვის გადატრიალებაში ჩართვა, თავად ოლიგარქისთვის ინქება დამღუპველი, რადგან თავისივე ქვეყნისა და ამ ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ მოუწევს წასვლა.
„თავად რინატ ახმეტოვი არ გეგმავს გადატრიალებას, მაგრამ გარკვეული რუსი და უკრაინელი პირების საუბარსი ისმის, რომ საზოგადოება, სავარაუდოდ, უკვე მზადაა და საჭიროა ინფორმაციის გავრცელება, რომ რინატ ახმეტოვი გადატრიალების საქმეში დღესვე ჩაერთვება. საქმეში, რომელიც პრეზიდენტის შეცვლას ეხება. ეს კი სახელმწიფო გადატრიალებაა.
მიმაჩნია, რომ ეს მიზნად ემსახურებოდა რინატ ახმეტოვის ომში ჩათრევას, რადგან ის უკვე ჩართულია საინფორმაციო ომში ჩემსა და ჩემს ქვეყანასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თუმცა, ზელენსკის თქმით, ის არ ჰგავს არც იანუკოვიჩს და არც პოროშენკოს, არ აპირებს პოსტის დათმობას ან ქვეყნიდან გაქცევას და მუშაობას გააგრძელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმერ ზელენსკისა და რინატ ახმეტოვს შორის ურთიერთობა ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა. ახმეტოვი ზელენსკის ოლიგარქების წინააღმდეგ მიღებული კანონის, უმაღლესი რადას თავმჯდომარის გადაყენებისა და მასსა და მის გარემოცვასთან „ურთიერთობის მანერის“ გამო დაუპირისპირდა. თუმცა, თავად ახმეტოვი უარყოფს „ურთიერთობის მანერის“ გამო ზელენსკისთან დაპირისპირებას და მისი ტელეკომპანიის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ ამის გამო მომეტებულ კრიტიკას.