ზელენსკის თქმით, უკრაინა მოამზადებს ობიექტების სიას, რომლებსაც რუსეთმა არ უნდა დაარტყას

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოამზადებს იმ ობიექტების სიას, რომელსაც რუსეთმა არ უნდა დაარტყას – ეს ეხება როგორც ენერგოსექტორის, ასევე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ამ ობიექტებზე იერიშებს შეწყვეტს, უკრაინა აღარ განახორციელებს საპასუხო დარტყმებს რუსეთის ენერგოსექტორზე.

ფინეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ უკრაინამ შეწყვიტოს რუსეთის ენერგოსექტორზე იერიში, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა:

„მხოლოდ დაპირებები და პუტინის სიტყვები, რომ ის ჩვენს ენერგოსექტორს თავს არ დაესხმება, არ არის საკმარისი, რატომ? იმიტომ, რომ ამ ომმა ძალიან პრაქტიკულ ადამიანებმა გვაქცია. მაგალითად, გუშინდელი თავდასხმა, მაშინ, როცა პუტინმა თქვა, რომ ის ჩვენს ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურებს აღარ დაესხმებოდა თავს. მან თქვა, რომ გაცემული ჰქონდა ბრძანება და ამის შემდეგ 145 დარტყმა იყო დრონებით […]

თუ გვექნება მსგავსი შეთანხმება, იქნება ობიექტების სია – ჩვენ ის გვაქვს – სია სამოქალაქო, ენერგო და ინფრასტრუქტურული ობიექტების და თუ რუსეთი ჩვენს ობიექტებს არ დაარტყამს, ჩვენც არ დავარტყამთ მათ ობიექტებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გუშინ, 19 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის რამდენიმესაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა, რის ფარგლებშიც ისინი „შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.

პუტინმა უარი თქვა სრულ წინადადებაზე, რაც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოიცავდა და თქვა, რომ ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის პარტნიორები კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას შეწყვეტენ.

ამასთან, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ დღეს ისინი 175 პატიმარს გაცვლიან.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებაზე უარიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვი, პოლტავა, ჩერნიჰივი, კიევი და სხვა რეგიონები.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის დაბომბეს საავადმყოფო სუმიში.