ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალი ჩანს - უცხოური მედია

პუბლიკა

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს გერმანიის ფედერალური პროკურატურა გამოიძიებს, რადგან მკვლელობაში რუსული დაზვერვის კვალს მიაგნეს.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ მკვლელობის უკან უცხო ქვეყნის დაზვერვა დგას, ამიტომ ადგილობრივი გამოძიების ნაცვლად საქმე ფედერალურ პროკურატურაში წავა“, – ამბობს კონფიდენციალური წყარო Reuters-თან.

აგვისტოში, მეჩეთში მიმავალი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, ბერლინის ცენტრალურ პარკში მოკლეს.

რამდენიმე მედიაგამოცემის ერთობლივმა გამოძიებამ, სავარაუდოდ, მკვლელის ვინაობაც დაადგინა. Bellingcat-ის, Spiegel-ის, The Insider-სა და Dossier Center-ის ერთობლივი საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, სავარაუდო მკვლელის პასპორტი ვადიმ სოკოლოვზეა გაცემული. ის 1970 წლის 20 აგვისტოს დაიბადა, თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სოკოლოვი არარსებული პიროვნებაა. რუსულ წყაროებში მასზე ინფორმაცია მხოლოდ 2015 წელს, პასპორტის აღებისას ჩნდება, შემდეგ კი 2019 წელს – ევროპაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.

საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, სინამდვილეში სავარაუდო მკვლელი 1965 წელს დაბადებული ვადიმ კრასიკოვია. თავის დროზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი. რუსეთმა მასზე საქმე 2014 წელს აღძრა, რადგან სათვალთვალო კამერებითა და მოწმეთა ჩვენების მიხედვით კრასიკოვმა რუსი ბიზნესმენი მოკლა. მკვლელობის სცენარიც ხანგოშვილის მაგვარი იყო, მკვლელი ორივე მსხვერპლს თავს ველოსიპედით დაესხა.

Bellingcat წერს, რომ რუსეთმა 2015 წელს ვადიმ კრასიკოვის ინტერპოლით ძებნა ჩუმად შეწყვიტა. შემდეგ კი რუსულ წყაროებში ჩანს, რომ ის რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც ჩავიდა. კრასიკოვის ფაილები ინტერპოლიდან წაიშალა, გაქრა თითქმის ყველა ინფორმაცია რუსულ მონაცემთა ბაზებშიც. ერთადერთი, რაც კრასიკოვის არსებობას კვლავ ადასტურებს, მის სახელზე გაცემული პასპორტია.

ვადიმ კრასიკოვის გაუჩინარება ინტერპოლის სიიდან და სავარაუდოდ, არარსებული პირის ვადიმ სოკოლოვის სახელით შენგენის ვიზის მოპოვება, გამომძიებელი ჟურნალისტების აზრით, რუსული სპეცსამსახურების კვალზე მიუთითებს. მკვლელობაში რუსული დაზვერვის მონაწილეობაზე ეჭვებს ამძაფრებს გამოძიების ადგილობრივიდან ფედერალურ ბიუროში გადატანა, რომელზეც გერმანული წყაროები საერთაშორისო მედიასთან საუბრობენ.