ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს – სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.
ამის შესახებ ქარხნის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” აცხადებს და მიზეზად როგორც მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნასა და მომთხოვნის შემცირებას, ისე შუქრუთელების პროტესტს უკავშირებს.
„გართულებულ პირობებს კი თან დაერთო მადნის დეფიციტი.
ჩვენმა კონტრაქტორმა „ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ” ადგილობრივი მოსახლეობის მიერ 8 თვის განმავლობაში მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა.
ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია”. – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი”.
კომპანიის თქმით, „თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადაუხდიან და შეუნარჩუნებენ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს, თანამშრომლების ის ნაწილი კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს მიიღებენ”.
მანამდე „ჯორჯიან მანგანეზმა” განაცხადა, რომ სრულად აჩერებს საწარმოო პროცესს ჭიათურაში, ასევე შუქრუთის მცხოვრებლების „რადიკალური პროტესტის” გამო.