ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი დაგვემართება. შესაძლოა, ზიარების რიგში ვიღაცისგან დასნეულდეს ადამიანი - ჯაღმაიძე

პუბლიკა

„ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი არ დაგვემართება. შესაძლებელი არის, ზიარების რიგში დგომისას ვიღაცისგან დასნეულდეს ადამიანი”, – ამის შესახებ „TV პირველის” ეთერში საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ის პასუხობდა კითხვას, მოუწოდებს თუ არა ეკლესია მრევლს, რომ დაიცვან დისტანცია.

„როგორც გარეთ იცავენ ამ დისტანციას თუ მისალმების ფორმას, შესაძლებელი არის, რომ ეს მოწოდება იყოს [ეკლესიაში ყოფნის დროსაც]. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ვამბობთ, რომ წმინდა ნაწილებით არ უნდა გვეშინოდეს დაავადებისა, იმავდროულად უნდა ვთქვათ, რომ გარანტია იმის, რომ ვეზიარებით და მერე არაფერი არ დაგვემართება… ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი არ დაგვემართება. შესაძლებელი არის, ზიარების რიგში დგომისას ვიღაცისგან დასნეულდეს ადამიანი, ამაზე არაა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ყველა წესი უნდა იქნეს გათვალისწინებული, რაც რეკომენდაციით იქნება მოცემული. როდესაც ვიხსენებთ ეკლესიების მიერ განხილულ ამ საკითხს, ზოგიერთმა ეკლესიამ მსგავსი აქცენტები გააკეთა, რომ მრევლმა დაიცვას დისტანცია, ხელზე მთხვევა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში მათ ზიარებასთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ზიარების წესთან დაკავშირებით ცვლილებები არ განიხილება. მისი თქმით, სხვა ეკლესიების სინოდებმა იმსჯელეს და ზიარების წესთან დაკავშირებით ცვლილება არ დაუდგენიათ. „მათი განცხადებები დაახლოებით მსგავსი შინაარსის იყო, რაც ჩვენ გავაკეთეთ. სხვა მხრივ ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოწოდებული იქნება, იქნება გათვალისწინებული”.

მისი თქმით, იმაზე კონცენტრირება, რომ ზიარებიდან შეიძლება ვირუსის ყველაზე დიდი გავრცელების საფრთხე, „ჯერჯერობით მსგავსი რამ არც პრაქტიკაში გვაქვს და არც ისტორიის მანძილზე გვქონია”.

რაც შეეხება დეზინფექციას, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ხვალიდან საპატრიარქოში ექნებათ გარკვეული მარაგი და ეკლესიებს საშუალება ექნებათ სადეზინფექციო ხსნარის გატანის.  „რამდენიც მათ დასჭირდებათ და ეკლესიებში იატაკის დეზინფექციის საშუალება მიეცემათ”.