საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავალდებულებს საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებების გათვალისწინებას. თუმცა, განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ საერთო კოვზით ზიარების წესი შეიცვლება. ეკლესიის რეკომენდაციაა მხოლოდ ზიარების შემდგომ სასმელის საკუთარი, ან ერთჯერადი ჭიქით მიღება.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.
„ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ, – ,,უფალო შემიწყალე.“
როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა.
უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.
რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.
სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.
წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 1200 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები, “- ამბობენ საპატრიარქოში.