ზიმბერტი: ევროკავშირში დისკუსია მიმდინარეობს ლობიზმის შესახებ და არა არასამთავრობოებზე, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მიხაილ ზიბერტი აცხადებს, რომ ახლა ევროკავშირში მხოლოდ დისკუსია მიმდინარეობს ლობიზმის შესახებ და არა არასამთავრობოებზე, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან. ზიმბერტის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მან სასტუმრო „რუმსში”, რეგიონის ქვეყნებში ევროკავშირის ელჩების სამუშაო შეხვედრის შემდეგ ისაუბრა მედიასთან.

ზიბერტს კითხვა დაუსვეს „პოლიტიკოს“ სტატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსება.

ზიბერტის თქმით, აღნიშნული განხილვები არ ეხება არასამთავრობოებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან.

„მესმის, რომ ეს განხილვის თემაა თქვენთან, რადგან, ასე ვიტყოდი, რომ თქვენი ქვეყნის ისტორიის შემადგენელია ეს პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირებაზე იყო. ჩვენი სამწუხარო შეფასებების შემდეგ მოხდა მისი უკან გაწვევა, ხოლო ეს, რასაც თქვენ ადარებთ, აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს არ არის კანონი, არც კანონის პროექტი, ეს არის ფართო დისკუსიების დასაწყისი მონაწილე მხარეების ჩართულობით ევროკავშირის ფარგლებში და თემა განსხვავებულია. ეს არ ეხება არასამთავრობოებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან, რომელთა მხარდაჭერაც გვინდა და ვინც გვსურს, რომ ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს, არა. ეს არის ლობიზმის უფრო ახლო ჭრილიდან შეხედვა, ლობიზმის ინსტიტუტების, რომლებიც უცხოური მთავრობებისთვის მუშაობენ. ეს არ არის მათი აკრძალვა, მაგრამ არის სპეციფიკური ხედვა, როდესაც ლობისტური კომპანიებს სთხოვენ მათთვის მუშაობას. გვსურს ამის უფრო ახლოდან შეხედვა და ყველა მონაწილესთან ამის განხილვა“, – განაცხადა ზიბერტმა.