აქციების დროს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ანასტასია ზინოვკინა საკუთარი ჯანმრთელობის გამოწვევებზე საუბრობს და პენიტენციური დაწესებულებისგან შესაბამისი მხარდაჭერისა და მკურნალობის მიღებას მოითხოვს.
როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას მისი ადვოკატი დარია სამოდუროვა ამბობს, ზინოვკინას ხერხემლის პრობლემა აქვს [დაბადებისას მიღებული სამშობიარო ტრავმის გამო], რაც კისრისა და წელის არეში ტკივილებსა და დაბუჟებას იწვევს. აქვს სხეულის სხვადასხვა არეში ტკივილები, მათ შორის თავის ძლიერი ტკივილები, კიდურების დაბუჟება. ამის ფონზე შესაძლოა გაუჭირდეს ხოლმე საკვების მიღებაც და გადაადგილებაც. ადვოკატი ამბობს, რომ გამაყუჩებლის გარეშე დაძინებას ვერ ახერხებს.
„ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ კიდურები და სხეული ჩემი არ არის, ვერ ვგრძნობ ხოლმე მათ, მაქვს შენელებული რეაქციები“, – უთხრა მას ზინოვკინამ.
ადვოკატი ამბობს, რომ ციხის პირობებში სამკურნალო-სარეაბილიტაციო რეკომენდაციების (ვარჯიში, მასაჟი, შესაფერისი მატრასი) შესრულებაში მხარდაჭერა არ აქვს.
რა წერია ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაში (ფორმა N100)?
„პაციენტის ანამნეზი და ჩივილები შეკრებილია ახლობლების დახმარებით, თავად პაციენტი ვერ იქნა გასინჯული, რადგან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. გადმოცემული ანამნეზიდან ირკვევა, რომ პაციენტს წლებია აწუხებს ცერვიკალგია, იტარებდა კონსერვატიულ მკურნალობას რუსეთში, რის ფონზეც ჰქონდა რემისია.
დაკავების შემდგომ დაეწყო მწვავე ტკივილები კისრის და წელის მიდამოში, გაუჭირდა ჯდომა, წოლა. წელის ტკივილები ირადირდება მარჯვენა ფეხში, ხოლო კისრის ტკივილები კეფის მიდამოში. ტკივილები აწუხებს ღამის განმავლობაშიც. ხშირად უბუჟდება კიდურები“, – ვკითხულობთ ფორმა N100-ში.
ზინოვკინას ჩატარებული აქვს ხერხერმლისა და ზურგის ტვინის მ.რ. – მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (22.06.2025), რის საფუძველზეც ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი დიაგნოზში წერს, რომ ვლინდება პოლიდისკოპათია, დისკის პროტრუზია, დისკების პროტრუზია.
ავადმყოფობის მიმდინარეობას კი ის აფასებს როგორც პროგრესირებადს.
ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი წერს, რომ პაციენტი მწვავე ნეიროქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და რომ მას ესაჭიროება კონსერვატიული მკურნალობა ნეიროქირურგის ან ნევროლოგის მეთვალყურეობით.
რას ნიშნავს კონსერვატიული მკურნალობა?
კონსერვატიული მკურნალობა ნიშნავს ისეთი მეთოდებით მკურნალობას, სადაც ექიმი ცდილობს დაავადების მართვას არა ქირურგიული ჩარევით, არამედ უფრო რბილი, არაინვაზიური საშუალებებით.
ამაში შეიძლება შედიოდეს:
- მედიკამენტური თერაპია (მაგ. ტაბლეტები, ინექციები);
- ფიზიოთერაპია და მასაჟი, სპეციალური ვარჯიშები;
- ცხოვრების ჯანსაღი წესი;
- ორთოპედიული საშუალებები და ა.შ.
გარდა მაღალაშვილის მიერ გაცემული ფორმა N100-ისა [12.08.2025], რომელიც დაცვის მხარემ საკუთარი ინიციატივით ჩაატარა, ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ასევე გაცემულია ორი ფორმა N100 პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიერ – ივნისისა და ივლისის თვეში. ამასთან, ზინოვიკინას მ.რ. კვლევა ჩატარებული აქვს ივნისში, თებერვალში კი კ.ტ. – კომპიუტერული ტომოგრაფია (CT).
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ამბობენ მისი წარმომადგენელები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ციხის ადმინისტრაცია ინფორმირებულია, ბრალდებული შესაბამის მხარდაჭერას დღემდე ვერ იღებს.
პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემულ ბოლო ფორმა 100-ში სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში წერია მხოლოდ ის, რომ – „პაციენტი იმყოფება პჯდ [პირველადი ჯანდაცვა] გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ და რომ ჩივილების გათვალისწინებით ჩაუტარდება ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები და მათ მიერ რეკომენდირებული კვლევები“.
გარდა ამისა, ადვოკატის გადმოცემით, ზინოვკინას აქვს მხედველობის პრობლემაც. ციხის საკანი არის ბნელი, სასამართლოში გადმოყვანის მერეც, მოსაცდელშიც არაა დღის განათება, რაც მისი მხედველობის ზოგად მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს, დარბაზში შეყვანის შემდეგ უჭირს კონცენტრირება და ფოკუსირება.
პატიმარი საკვების ხარისხზეც საუბრობს და ამბობს, რომ ძირითადად კვერცხსა და შვრიაზეა. ქალთა ციხეში მათ საკვების თავად მომზადების შესაძლებლობაც არ აქვთ.
ის მოითხოვს, რომ სათანადო ყურადღება დაეთმოს მის ჩივილებს. დაცვის მხარე ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს, რომ მისი ჩართულობა მეტად ქმედითი იყოს და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ვიზიტებით.
„პუბლიკა” მიადევნებს თვალს, როგორი რეაგირება ექნება ციხის ადმინისტრაციას ნეიროქირურგის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ნაწილში.
ზინოვკინასთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და მკურნალობის მოთხოვნით შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული მასთან ერთად დაკავებულ არტემ გრიბულს. ის წერდა:
„ანასტასიას დაკავებამდე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა — კერძოდ, ხერხემლის პრობლემები. ეს პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა ციხეში ყოფნის საშინელი პირობების გამო. თუ შეამჩნიეთ, ანასტასიას არც კი შეუძლია ჯდომა სასამართლო სხდომებზე. მას ძლიერ ტკივა ზურგი. ციხის ადმინისტრაცია არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს. მაგალითად, ანასტასიას არ მისცეს ორთოპედიული მატრასი, ამიტომ ყოველ ღამით სძინავს უმატრასო საწოლზე — ასე ნაკლებად სტკივა. ყველაფერთან ერთად ანასტასიას ციხეში გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.
კამერაში არ არის ნორმალური განათება. ამის გამო ანასტასიას, რომელიც ბევრს წერს და კითხულობს, მხედველობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. მას არ აქვს ნორმალური კვება და ძალიან დაიკლო წონაში. არ არსებობს საკვების მომზადების საშუალება — ელექტროქურა, რომელიც ციხეში უნდა იყიდებოდეს, აქ კი არ არის. მისგან ვიცი, რომ მისი კამერა პატარაა, რომელშიც შეუძლებელია გავარჯიშება და სიარული. სიგრძეში სულ 5-6 ნაბიჯია.
ვითხოვ: …გადაწყდეს ანასტასიას ციხეში ცხოვრების პირობებთან დაკავშირებული პრობლემები და შეძლოს მან ნორმალურად კვება, გადაწყდეს მისი ჯანმრთელობის პრობლემები, და მიეცეს მას თბილი, ნათელი, დიდი კამერა”, – წერდა გრიბული.