ზიზღის უზარმაზარი მორევი თქვენ გაკისრებთ პასუხისმგებლობას შესაძლო ძალადობაზე, გამიჯვნა არ გიშველით - ნაცვლიშვილი პრემიერს

პუბლიკა

აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს და ჯგუფებს შეუქმნის საფრთხეს? – მიმართა შეკითხვით „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს.

„ბევრი ტყუილი ითქვა აქ, ზიზღიც. არ ვიცი, სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს და ჯგუფებს შეუქმნის საფრთხეს? როგორც ჩანს, არ გეყოთ, რომ თქვენ იყავით მწვანე შუქის ამნთები და ლექსო ლაშქარავას სიკვდილამდე ცემის წამქეზებელი და ახლა ახალი სისხლი გინდათ. როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებთ, რომ ზიზღის უზარმაზარი მორევი, რომელიც აქ დააყენეთ, თქვენ გაკისრებთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ძალადობაზე, რომელიც ადამიანებს შეიძლება თავს დაატყდეს და მერე გამიჯვნა ამას არ უშველის“, – განაცხადა მან.

ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა საზოგადოების დაპირისპირებას უწყობს ხელს.

„რაშიც წარმატებული ხართ, ეს არის საზოგადოების დაქსაქსვა, პროპაგანდის მანქანაც კარგად გაქვთ ამუშავებული. აქ ზიზღს აფრქვევდით, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევთ, ადამიანებს დამნაშავეებად აცხადებთ ისე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდებით და მერე გაგიკვირდებათ, რომ გეტყვიან, რუსული ხელისუფლება ხართო. კი, მათ სტილშია ასეთი მოქმედებები“, – აღნიშნა მან.

პრემიერის სიძულვილის შემცველ კომენტარებზე საუბრისას ნაცვლიშვილმა LGBT თემის მისამართით ჰომოფობიურ განცხადებებიც ახსენა.

„ზიზღის ერთ-ერთი ობიექტი ჩემი კოლეგებიდან რამდენიმე ჯგუფი გახდა. LGBT თემაზე აღარ დასრულდა თქვენი პროპგანადისტული გზავნილები.  ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილი შეერთებულ შტატებში ისწავლის, იქნებ მან მაინც შემდეგ აგიხსნათ, რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო. მე ვნახე, რომ თქვენი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, მიხარია ნამდვილად და ბევრ ახალგაზრდას ვუსრვებ ამის შესაძლებლობას. იცით თუ არა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი აშშ-ში LGBT საკითხების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეგობრულია? ხომ არ გეშინიათ, რომ თქვენ შვილს გადაიბირებენ იქ ან რამე ზონდირებას მოახდენენ? არ გიფიქრიათ ამაზე?

დღეს, როგორც ვნახე, „სულაკაურის გამომცემლობას“ მიადგნენ დღეს და მე მათ ვურჩევდი, თქვენი გამოსვლა დაებეჭდათ „ღარიბაშვილის ზღაპრების“ სახით და კარგად გაიყიდება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მისი მისამართით შეძახილები ჰქონდა თავად პრემიერსაც.