ზოდელავა და ნადირაძე შეტევისკენ უბიძგებდნენ ხალხს - სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი

პუბლიკა

4 ოქტომბრის 14-პირიან საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გიორგი თათარაშვილი დაიკითხა.

მისი თქმით, ის დილის 9 საათიდან ათონელის რეზიდენციაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. საღამოს 7 საათიდან კი, მისი თქმით, ვითარება დაიძაბა – სასახლესთან შეკრებილი ხალხი ეჯაჯგურებოდა კარებს.

როგორც მან აღნიშნა, ამ მოვლენებამდე ჭიშკარი რკინის შველერებით გაამაგრეს.

„მომიტინგეები გვლანძღავდნენ, გვაგინებდნენ… ვის მხარეს ხართ, ვის იცავთ, გადმოდით ჩვენ მხარეს, სასახლის გასაღები გადმოგვეცით“, – თქვა მან.

მისივე თქმით, ძალიან მალევე მოხდა ღობის გადმოვარდნა. „პირველი ვიყავი მე, ვინც გაიქცა [იქითკენ]… შემონგრევიდან დაახლოებით ერთ წუთში გდდ მოვიდა და დახმარება გაგვიწია“, – თქვა მან.

მისივე თქმით, მიიღო დაზიანებაც, თუმცა სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

მან პროცესზე რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ღობის პირველ ფრაგმენტს რამდენიმე ადამიანი მიაწვა და ის ძალიან მალე გადმოინგრა, წუთამდე.

„იმ მომენტში რამდენიმე ადამიანი იყო, რომელიც უშუალოდ მიაწვა ღობეს და ძალიან მალე გადმოაგდეს ღობე… როგორც კი გადმოანგრიეს ღობე, მაგ მომენტში დავდექით წინ“, – აღნიშნა მან.

მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს საქმეზე ბრალდებული სხვა პირები – ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მოუწოდებდნენ – „შეტევისკენ უბიძგებდნენ“.

„როდესაც აქციის მონაწილეები მოდიან და თავზე მამხობენ ღობეს, ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა“, – დასძინა მან.

პროცესზე ასევე დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი ნიკიტა ბეჟანიშვილი. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ათონელის სასახლეში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა.

მანაც აღნიშნა, რომ ღობის პირველი სექციის ჩამოვარდნას „ბევრი შეჯანჯღარება არ დასჭირვებია”.

შეკითხვაზე, რამდენი ადამიანი არყევდა ღობეს – თქვა, რომ – „ბევრი იყო, ვინც მოახერხა უშუალოდ ჭიშკართან განლაგება და ცდილობდა […]”.


14-პირიან საქმეზე ბრალდებულები არიან – ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე

მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი:

  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;