„ზოგად ქადაგებაში რატომ ამოიკითხა მაინცდამაინც სააკაშვილი?“ - ჯაღმაიძე შიო მუჯირის ქადაგებაზე

პუბლიკა

„დაანონსებული ტერორი“ – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის Facebook-გვერდი ვიდეოს, რომელშიც საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, „იმედის“ ეთერში პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირის ქადაგების კრიტიკას ეხმაურება.

„ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანდრია ჯაღმაიძეს წამყვანი შიო მუჯირის კრიტიკისა და „ეკლესიაზე დროში განგრძობადი თავდასხმების“ შეფასებას სთხოვს.

შეკითხვის საპასუხოდ დეკანოზი აცხადებს, რომ პატრიარქზე ან მიტროპოლიტ შიოზე თავდასხმა საპატრიარქოსა და ეკლესიაზე თავდასხმაა.

მან განმარტა მიტროპოლიტის მიერ ქადაგებაში წარმოთქმული სიტყვები და თქვა, რომ არ ესმის, რამ „შეაძრწუნა“ საზოგადოება, რადგან ქადაგება იყო კაცთმოყვარეობასა და წესზე, რომელსაც ქრისტიანული მოძღვრება შენდობის დროს გულისხმობს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას წუხანდელ გადაცემას და თქვა, რომ „მთავარი არხის“ გენდირექტორმა და სააკაშვილის ადვოკატმა „პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას“.

„გუშინდელი გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ ის ნავი, რომელშიც იჯდა თვითონ და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ შეახეთქა კლდეს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ დასვა შეკითხვა, ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია ან პიროვნება, არც ციხე და პატიმრობა, რატომ ამოიკითხეს მიხეილ სააკაშვილი.

„მე ძალიან მაინტერესებს, ამ ზოგად ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც პიროვნება, არც ციხე, არც პატიმრობა, რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი? ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი გაავლო მიშა სააკაშვილთან. ამიტომ ვამბობ, რომ მან ის გემი შეახეთქა კლდეს და ვისი პრობლემა არის ეს? ყველას პრობლემაა, ვისაც ღვთის სიტყვა აშინებს, ეს არის მათივე სიტყვა” – ამბობს ჯაღმაიძე.

სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციაზე საუბრისას დეკანოზმა ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქო ზოგადად ყოველთვის ქადაგებს შემწყნარებლობას და მიტევებას.

„ძალიან ხშირად პატრიარქს უთქვამს, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა გვესმის, რომ ეს არის ძალიან ლამაზი, შეიძლება, მაგრამ ეს არის უტოპია, რადგანაც ეს არის ძალიან პოლიტიკურად დაძაბული თემა, ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, არც ჩემს აზრს.

როდესაც შეწყალებას ეხება თემა, ვნახეთ მეუფე დიმიტრი [შიოლაშვილის] განცხადება და გვახსოვს, რას ამბობს ის და მე ვეთანხმები, რომ თუკი შეწყალებაზეა საუბარი, აქ უნდა ისმოდეს, ვისაც პრეტენზია აქვს, ვინც დაზარალებულია, იმისგან უნდა იყოს წამოსული, რომ შევიწყალოთ ადამიანი.

მეორე, რაც მეუფე იოანე გამრეკელმა ბრძანა, რომ თავად ვისაც ედავებიან, მან უნდა ითხოვოს შენდობა, რაღაცა წესები არსებობს.

რაზე ვთანხმდებით შერიგების დროს, რას ნიშნავს ეს საყოველთაო შერიგება, ვის შევუნდობთ, პედოფილიაში მხილებულებს შევუნდობთ უპირობოდ? სხვა მძიმე დანაშაულებში მხილებულებს? ვფიქრობ, ეკლესიას არასდროს შეუწყვეტია საუბარი კაცთმოყვარეობაზე, მოყვასის შეწყნარებაზე, თუმცა ამას გარკვეული სახე, ფორმა და პირობები აქვს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.


საუბარია 17 ოქტომბერს წარმოთქმულ ქადაგებაზე, რომელშიც შიო მუჯირი ამბობს: „ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის Facebook-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის სახელით ვრცელდება განცხადება, რომ „დაუმსახურებელი თავდასხმები“ მის სიყვარულს დედაეკლესიის მიმართ ვერ შეარყევს.