„საბედნიეროდ, აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, ოკუპაციის 100 წლისთავზეც, რომ ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებულნი ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემულობას“, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
„ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დიალოგსა და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კალაძემ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.