დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით იდენტიფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. მისივე თქმით, ჩამოსვლის დღეს ამ ადამიანს სიმპტომები არ ჰქონია, მეორე დღეს კი, როდესაც სიმპტომები გამოუვლინდა, თავად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
ამირან გამყრელიძეს სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტის საჭიროებაზე დაუსვეს კითხვა, მისი თქმით, ამის საჭიროება ჯერ არ დგას და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სკოლებისა და ბაღების დახურვის რეკომენდაცია არ გაუცია ჯერ. მან ბაღებში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზე ისაუბრა.
„ასევე, მინდა, შევეხო ერთ საკითხს. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საკითხებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, რომ სადმე ჩვენ გვქონდეს მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს სინგაპურში, კორეაში, იტალიაში ან სხვაგან მოგზაურობის ისტორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.