ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები, გვაქვს 3 ღია კერა - საგანგებო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება.

„ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები. ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც აქტიურად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. არის კონკრეტული ძველი კერები, რომლებზეც მოხდა ლიკვიდაცია და ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო გაჩნდა ახალი ცხელი კერებიც.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.