ზოგიერთ უბანზე ჩვენს დამკვირვებლებზე ზეწოლა მოხდა – საია

პუბლიკა

საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ  მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

საიას ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შემუშავებული რეგულაციების ფარგლებში საია განსაკუთრებულად აკვირდება უბნის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას,  კერძოდ, 100-მეტრიან პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით წესების დაცვას.

„გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით 14 შემთხვევაში დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ქუთაისში 63-ე და 90-ე უბანზე გამოძახებული პატრული არ მოსულა. Ხოლო ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მრავლად მობილიზებისა, პოლიცია არ რეაგირებდა“, – ამბობენ საიაში.

საიას ცნობით, ზოგიერთ უბანზე Საიას დამკვირვებლებზე ზეწოლა მოხდა და მათ არ ეძლევათ საქმიანობის შესაძლებლობა:

  • ბათუმის 44-ე უბანზე დამკვირვებელს, თემურ ირემაძეს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი დაემუქრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს;

  • Ჩუღურეთის მე-16 უბანზე საიას დამკვირვებელს, მას შემდეგ, რაც უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მობილიზება შეამჩნია და ფოტო/ვიდეოგადაღება დაიწყო, ერთ-ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;

  • ისნის 64-ე უბნიდან საიას დამკვირვებელი უსაფუძვლოდ გააძევეს მას მერე, რაც ის ფოტო/ვიდეო გადაღებით ცდილობდა კაბინების არასათანადოდ განთავსების დაფიქსირებას;

  • ვაკის მე-4 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების საშუალება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დახია მიწოდებული საჩივარი, ხოლო მისი ავტორი (საიას დამკვირვებელი) გააძევა საარჩევნო უბნიდან;

  • Ზუგდიდის 90-ე უბანზე საიას დამკვირვებელს შეუზღუდეს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, შემდგომ კი უბნიდან გააძევეს.

15 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა დღის განმმავლობაში 51 საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.