ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანების ტრაგედია პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ – გახარია შაქარაშვილის საქმეზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ხშირად ცდილობენ, ადამიანების ტრაგედია პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ვალდებულია, ყველა კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი.

„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება, დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი.

მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, უახლოეს საათებსა და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


შინაგან საქმეთა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ 17-ვეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის დეტალებთან დაკავშირებით პროკურატურა აცხადებს, რომ მომხდარი ცემისა და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, ასევე ვიდეოკამერების ჩანაწერებით.

უწყება არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარ ეპიზოდზე წერს, რომ ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, 14 პირი როგორ დაესხა თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს. უწყება აქვე აკონკრეტებს იმას, რომ მათ ამ დროს სამ პირზე – კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ  კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.

პროკურატურა წერს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. მათი თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღებისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.