„ზოგჯერ გვგონია, რომ თითქოს 1921 წელია“ - ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს მიმართა

პუბლიკა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. მან ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ ეს მოძრაობა არ დაწყებულა 21 დღის წინ. ის მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველ ჯერზე მასობრივად გამოდიან ქუჩებში, როცა საკითხი ეგზისტენციალურია.

„მადლობა, რომ საშუალება მომეცა აქ ყოფნის და იმაზე საუბრის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. ახლა კრიტიკული დროა, რადგან ზოგიერთ დღესა და მომენტში გვგონია, რომ თითქოს 1921 წელია და მოვლენები მეორდება. ამით აიხსნება ის სიმამაცე, რომლითაც ქართველი ხალხი დღეს პასუხობს იმას, რაც აღიქმება, როგორც მათი თავისუფლების, მათი მომავლისა და გარკვეულწილად მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებად.

ქუჩებში ხალხი უკვე 21 დღეა იმყოფება – ეს არის საინტერესო მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად ღამე მიმდინარეობდა და დღისითაც გრძელდება. მასში ჩართულია მოსახლეობა ყველა სფეროდან. ფაქტობრივად, ეს მოძრაობა მოიცავს მთელ საზოგადოებას, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს მხოლოდ 21-დღიანი პროტესტი არ არის. ეს პროტესტები დაიწყო არჩევნების შემდეგ, ეს პროტესტები იყო გაზაფხულზე, როდესაც რუსული კანონი მეორედ შემოიღეს, ეს პროტესტები იყო გასულ გაზაფხულზე, როდესაც იგივე კანონი პირველად წარადგინეს.

ეს პროტესტები საქართველოს ერთგვარი ნიშა ან თავისებურებაა – ყოველ ჯერზე, როდესაც ქართველი ხალხი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის მიმართ საფრთხეს გრძნობდა, ისინი ყოველთვის მასობრივად გამოდიოდა ქუჩებში. ასეთი მასობრივი პროტესტები არ ყოფილა სოციალური პირობების გამო, არა იმიტომ, რომ კარგი სიტუაციაა, მაგრამ საქართველოში ხალხი მასობრივად გამოდის ქუჩაში, როცა მიაჩნიათ, რომ სასწორზე დგას ეგზისტენციალური საკითხი და სწორედ ეს შემთხვევაა დღეს.

ეს არის ძალიან მშვიდობიანი, ძალიან მასობრივი სამოქალაქო, ერთგვარი დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: „დამიბრუნე ჩემი ხმა”, რაც მოპარული არჩევნების შედეგია და „დამიბრუნე ჩემი მომავალი, ჩემი ევროპული მომავალი”, ეს არის მოთხოვნა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების შესახებ.

ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი მოთხოვნა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას. ეს ეხება ერთადერთ საკითხს – დავუბრუნდეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ვნახოთ, სად არის ქართველი ხალხის ნება დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ.

„2024 წელს იყო მეორე რუსული კანონი და რუსული რიტორიკა ახალ სიმაღლეებზე ადის საქართველოს ერთპიროვნული მმართველის, ბატონი ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით, რომელიც საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე, ადანაშაულებს ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან თითქმის ყველაფერზე პასუხისმგებლები.

ამ რუსული თუ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ლგბტ თემაზე ბრალდებებით, რომ ევროპა და ამერიკა წაგვართმევენ ჩვენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, რაც ბევრ თქვენგანს მოგისმენიათ სხვა ქვეყანაში, რომელიც საქართველოდან ჩრდილოეთით მდებარეობს, რუსული სახელმწიფოს შენება მიმდინარეობს ეტაპობრივად, თუმცა მტკიცედ.

ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ – პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ახალი როლით, ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული ბიურო, რეფორმირებული საპენსიო ფონდიც კი, მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც სრულად და მთლიანად კონტროლის ქვეშ არის ქვედა ინსტანციიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ რეალური მანდატისა და უფლების ქონის გარეშე გაკეთდა.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ შეუძლია ევროპას მოქმედება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

„თქვენ ყველამ იცით, როცა ქართველები დღედაღამ იბრძვიან, ევროპა ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. როცა თბილისში ევროპული დროშები აკრძალულია, ქართველები კვლავ ელოდებიან ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. იმედი მაქვს, რომ არ მოგვიწევს ლოდინი კრიზისის მეტად გაღრმავებამდე, რათა ევროპამ იმოქმედოს.

და როგორ შეუძლია ევროპას იმოქმედოს? უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლეს დონეზე, რადგან ქართველებმა პირველ რიგში უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტონი არ არიან, რომ თქვენ ზურგს გვიმაგრებთ. სწორედ ეს გააკეთეს ევროპარლამენტარებმა თბილისში ჩამოსვლით, ეს გააკეთა ემანუელ მაკრონმა მისი ძლიერი გზავნილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი.

ჩვენ გვჭირდება მეტი ვიზიტები საქართველოში, მაგრამ ისეთები, რომლის მანიპულირებაც ვერ მოხდება, რადგან მოგეხსენებათ და რუსეთთან გამოცდილი გაქვთ, რომ ამ ვიზიტების მანიპულირება ძალიან კარგადაა შესაძლებელი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.