თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მზიურის პარკთან არსებულ ტერიტორიას მერია ზონალურ სტატუსისს უცვლის, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ზონალური სტატუსი არაფერზე შეცვლილა. რაც იყო რეკრეაციული სივრცე, დღესაც რეკრეაციული ზონაა. პრობლემა, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, არის ის, რომ „მზიურის“ დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, გასხვისდა და იქ გახორციელდა მშენებლობები. რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ, განხორციელდა მხოლოდ იმ დარჩენილ მონაკვეთს, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლებას“, – თქვა მან.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, ზონალური ცვლილების გარეშე შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების განცხორციელება და იქ შეიძლება იყოს კაფე, საგამოფენო სივრცე და ა.შ.
„რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რეკრეაციულ ზონაში არის შესაძლებელი გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, საგამოფენო სივრცე, მაგრამ აქ საუბარი არ არის ზონის ცვლილებაზე და ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც შეუსაბამოა ზონასთან“,- განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ნაკვეთზე მოქალაქე ითხოვდა სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას და გამონაკლისის სახით საგამოფენო სივრცის მოწყობას.
„რაზეც თბილისის მერიამ გასცა ინფორმაციული პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, შესაძლებელია აღნიშნული სივრცის განვითარება საგამოფენო დარბაზის ფუნქციით. აქვე ინფორმაციის სახით განმარტებულია, თუ რა შემთხვევაში და რა პირობებითაა შესაძლებელი სპეციალური შეთანხმება განმცხადებელსა და მუნიციპალიტეტს შორის“, – წერია მერიის პრესსამსახურის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრში, მზიურის სკვერთან 2100 კვადრატულ მეტრს დედაქალაქის მერია სარეკრერაციო ზონის სტატუსს უცვლის და მას ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე – ყოფილ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე გადასაცემად ამზადებს.