დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღესდღეობით ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 40%-მდეა აცრილი რაც ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში დასახულ მიზანს ჩამორჩება.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით წლის ბოლოსთვის სრულად ვაქცინირებული უნდა ყოფილიყო ზრდასრული მოსახლეობის 60%.
დღევანდელ ბრიფინგზე გამყრელიძემ განმარტა, რომ ამჟამად ახალ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის ივლისისთვის ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა იყოს აცრილი.
„დაახლოებით 40%-ზე გავალთ ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციის. 60% გვქონდა მიზნად დასახული. გიდასტურებთ, რომ გეგმას წელს ვერ შევასრულებთ. ახლა იწერება ამ გეგმის განახლება, რომლითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის 70%-ზე ასვლა. დაყოფილია ამ 70%-ზე როგორ ავალთ, ამას მოგვიანებით გაგაცნობთ. ვთქვათ, ყველაზე მთავარია 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში, რომელიც ყველაზე მოწყვლადია გვქონდეს 90%-იანი მოცვა, შედეგ 50-60 წლამდე 80% და შემდგომ უფრო დაბალი.
მიზეზი ბევრია, რატომ ვერ წარიმართა იმ სისწრაფით იმუნიზაციის პროცესი. დავაკელით მოსახლეობასთან კომუნიკაცია მეტი, მეორე ალბათ ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები რაც გვაქვს და მესამე ის პოლარიზაცია რაც მიდის ქვეყანაში. ეს პოლარიზაცია მოქმედებს პანდემიის მართვასა და იმუნიზაციის პროცესზეც“,- განაცხადა გამყრელიძემ.