საქართველოს პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდიდან აქციაზე მომავალ მანქანებს სამტრედიაში 40 -მდე ადამიანმა გზა გადაუკეტა. მისი თქმით, გზაზე მყოფი ადამიანები მიკროავტობუსებისკენ ისროდნენ ცოცხებს და ქვებს.
ანა წითლიძე ამბობს, რომ მათ რიგებში იყვნენ ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო და მამუკა თოლორაია.
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტებთან ისაუბრა თაზო ფაცაციამ, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს წევრია. მისი თქმით აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაიგეგმა.
„ეს აქცია იმართება თავისუფლებისთვის და ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც მათ ფიზიკურად გაანადგურეს.“ – განუცხადა ჟურნალისტებს თაზო ფაცაცია.
პუბლიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.