ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილება პრომლემურია - TI

პუბლიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, დაჩქარებული წესით განიხილოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და მიიღოს იგი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს აღნიშნული ნაჩქარევი გადაწყვეტილება რამდენიმე პრობლემას შეიცავს:

  • ახალარჩეულ საკრებულოში პოლიტიკური ძალების ახალი შემადგენლობა და პროპორციაა. შესაბამისად, ბიუჯეტის საკითხის გარშემო შესაძლო დისკუსია იქნებოდა საშუალება ადგილზე პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობისთვის.
  • ძველი საკრებულოს ეს ინიციატივა, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების გაგრძელებაა, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და მათ გარეშე ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე „ნაბიჯს ვერ გადადგამდა“.
  • როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს, საკრებულოს მსგავსი პროცესების წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.
  • შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებით მმართველი პარტია ცდილობს, თავი დაიზღვიოს, რადგან საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ისეთი კონფიგურაციაა, როდესაც საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ, შესაძლოა, ვერ დაამტკიცოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი. თუ საკრებულო 2022 წლის 1 აპრილამდე ვერ მიიღებს ბიუჯეტს, მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას.

ორგანიზაციის შეფასებით, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხელს უშლის ახალარჩეულ საკრებულოს თავისი ფუნქციის შესრულებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად დანიშნოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რათა მას მიეცეს საქმიანობის წარმართვის, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა, და ახალარჩეული საკრებულოს წევრები სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში.