ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 5 ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წესით.
უწყებაში პუბლიკას განუცხადეს, რომ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, ხოლო 4 – „ნაციონალური მოძრაობის“, მათ შორის ნიკა ნარსია და გიორგი მუმლაძე.
„ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს;
ზუგდიდში, უკვე დასახელებულ საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით“, – განაცხადეს შსს-ში ბრიფინგზე.
ზუგდიდიში მე-20 უბანზე დილიდან რამდენიმე დაპირისპირება იყო.
კონფლიქტი სიებიანი კოორდინატორების აღმოჩენას მოჰყვა.
ნიკა ნარსიას განცხადებით, უბანთან ახლოს ავტომანქანაში დაინახეს ქალბატონები სიებით და გარკვეული თანხით ხელში და დაინტერესდნენ, რას აკეთებდნენ ისინი იქ. ამის შემდეგ, როგორც ნარსია აღწერს, მოვიდა აგრესიული მამაკაცი და ერთ-ერთ დამკვირვებელს, ბექა პაპაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გიორგი მუმლაძე, რომელიც ამბობს, რომ დამკვირვებელია „აჭარის განვითარების ცენტრიდან“, მედიასთან ჰყვება, რომ ასევე დამკვირვებელმა ბექა პაპაშვილმა შეამჩნია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი და დაინტერესდა, რას აკეთებდნენ სიებიანი ადამიანები უბანთან.
„რამდენიმე, ე.წ. მოკრიმინალო ელემენტი მოვარდა ამ ინციდენტის შემდეგ და გვითხრეს, რომ ეს ჩვენი ქალაქია და აქ რა გინდათო. ესენი არიან ჩვეულებრივი სეპარატისტები, სეპარატისტული განწყობა აქვთ. ქუჩაში ვინც გვიპირისპირდებოდა, ადამიანი ყვიროდნენ, რომ თითქოს სხვა საქართველოა, ამას არ დავუშვებთ, დავიცავთ ხმებს“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
გიორგი მუმლაძის ამ განცხადების შემდეგ დაიწყო მეორე დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე.
აქ მივიდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერია, რომელმაც განაცხადა, რომ მუმლაძემ ზუგდიდელები დაადანაშაულა სეპარატიზმში.
„ქალაქი და მუნიციპალიტეტი, რომელსაც ეროვნული ერთობისთვის სისხლი უღვრია, აფხაზეთიდან 300 ათასი დევნილი ერთ დღეში მიიღო და წლების განმავლობაში შეიფარა. ამ მუნიციპალიტეტს სეპარატიზმში ადანაშაულებს ენმ-ის აქტივისტი. არცერთი ზუგდიდელი არ მისცემს ამის უფლებას, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე“, – განაცხადა მან.
გიორგი მუმლაძემ კი მოგვიანებით განმარტა, რომ ზუგდიდზე არ უთქვამს ეს და მან მოიხსენია მხოლოდ კონკრეტული ჯგუფი, რომელიც, მისი აზრით, ხელს უწყობს სეპარატიზმს.