ცესკო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, დღეს, მთელი საღამოს განმავლობაში აფერხებენ ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები.
„პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რითაც მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საარჩევნო პროცესს. ზემოაღნიშნული დასტურდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალებით.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 30 სექტემბერს ასევე იგეგმება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე იმ კამპანიური ხასიათის ზეწოლა, რომელიც დაიწყო ცესკო-სთან 28 სექტემბერს და დღეს უკვე გაგრძელდა მთაწმინდის და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან. საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას იმისათვის, რომ არ დაუშვას ზეწოლა საკუთარ თანამშრომლებზე.
ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ კამპანიური ხასიათის ზეწოლის ფაქტებს, რითაც ხელი ეშლება საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობების განხორციელებაში“, – აღნიშნულია ცესკო-ს გავრცელებულ განცხადებაში.