გუშინ ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარული ხმები ხელახლა გადათვალეს, რის შემდეგაც ენმ-ის მაჟორიტარ კანდიდატს მანუჩარ ფიფიას, რომელმაც პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ორი ხმით აჯობა, ხმები დააკლდა. გადათვლის შედეგად ამ ოლქში გამარჯვება „ოცნების“ კანდიდატმა, სოსო გოგოხიამ მოიპოვა. მას 12 ხმა დაემატა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა დაკარგა.
პირველი ტურის შემდეგ ზუგდიდის საკრებულოში 45 მანდატი ასე ნაწილდებოდა: 23 წევრი ენმ-ს , „ქართულ ოცნებას“ – 18, გახარიას „საქართველოსთვის“ – 3. ზუგდიდის საკრებულო სულ 45 წევრისაგან შედგება. აქედან 30-ს პროპორციული წესით ირჩევენ, ხოლო 15-ს – მაჟორიტარულით.
გუშინდელი გადათვლის შემდეგ კი ენმ-ს 22, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 19 მანდატი აქვს. სამი მანდატი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიამ მოიპოვა.
კიდევ ერთი მანდატის ბედი მეორე ტურში გადაწყდება ენმ-სა და „ოცნების” კანდიდატებს შორის. ამ მანდატის მოპოვების შემთხვევაში ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებულ უმრავლესობას ენმ დააკომპლექტებს.
ზუგდიდში მეორე ტური მე-4 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. პირველ ტურში ამ ოლქში ენმ-ის კანდიდატმა 1260 (39.83%) ხმა მიიღო. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კი – 1232 (38.95%.).
ზუგდიდის მე-11 ოლქში ხმების გადათვლის შემდეგ შედეგების ცვლილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ენმ-ის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძე. ანა წითლიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში მოითხოვდა მე-4 ოლქის ხმების გადათვლას, სადაც პარტიის მაჟორიტარმა პირველი ტურში არჩევნები 4 ხმით წააგო, თუმცა ოლქის თავმჯდომარემ ენმ-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
„უმრავლესობა არ დაგვიკარგავს. მაინც ჩვენ ვართ უმრავლესობაში მიუხედავად იმისა, რომ ერთი მაჟორიტარი თავხედურად წაგვართვეს. არადა, უბნებზე თვითონ იყვნენ კომისიის უმრავლესობაში და, თურმე, ისევ თავისებმა „გაუყალბეს“. არადა, უბრალოდ გახსნეს ბიულეტენები და ჩაამატეს.
მეორე ტურში ამაზე პასუხს მიიღებთ ზუგდიდელებისგან. მეორე ტურის იმ ერთ მაჟორიტარსაც მოგიგებთ და მერსაც!ხვალ პროკურატურაში მირანდა მესხის წინააღმდეგ შევიტან სარჩელს და ვპირდები, რომ აუცილებლად მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პ/ს რადგან „ოცნება“ ურცხვად სპეკულირებს, აქ დავწერ რიცხვებს: 22 ჩვენი მანდატია. 19 – „ოცნების“. 3 – გახარია. ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გვაქვს, სადაც ჩვენ ვართ წინ პროცენტულად“, – წერს ანა წითლიძე.