ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის მოშიმშილე დეპუტატების ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადასვლას ხმაური მოჰყვა. მოშიმშილე დეპუტატებს ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში ლეიბებისა და სხვადასხვა ნივთის გადატანა სურდათ, რასაც წინააღმდეგობა გაუწიეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა. საბოლოოდ, მოშიმშილე დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ნივთების გადატანა მოახერხეს.
ანი წითლიძის თქმით, მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში გადასვლის გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის განხილვის გამო მიიღეს.
მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტს ძველი მოწვევის საკრებულო განიხილავს და გაუგებარია, რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა ახალი მოწვევის საკრებულოს, რომ იმსჯელოს 2022 წლის ბიუჯეტზე, რადგან ახლა საკრებულოს აქვს სამართლებრივი ვადა, რომ შეძლოს მსჯელობა და მიიღოს ახალი ბიუჯეტი.
„ხელისუფლებას ეშინია, რომ ახალი საკრებულოს პირობებში თუ ვერ მიიღეს ბიუეჯტის, მაშინ, კოდექსის მიხედვით, ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტის შემდეგ ინიშნება მერის და საკრებულოს არჩევნები. ახლა საკრებულოს აქვს სამართლებრივი ვადა, რომ შეძლოს ახალ საკრებულოზე მსჯელობა და მოასწროს ახალი ბიუჯეტის მიღება.
2022 წლის ბიუჯეტი უნდა მიიღონ ძველი საკრებულოს წევრებმა. გაუგებარია, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება აიღონ შესრულებასა და მიღებაზე იმ წევრებმა, რომლებიც აღარ არიან ახალ საკრებულოში.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოშიმშილეებმა, რომლებიც ახალი საკრებულოს წევრები არიან, ფრაქციის ოთახიდან გადაინაცვლონ საკრებულოს სხდომათა დარბაზში. აქ იშიმშილებენ, სადაც ბიუჯეტი უნდა განიხილონ და მიიღონ.“ – განაცხადა ბრიფინგზე ანი წითლიძემ.
ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის 4 წევრი, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობს.