ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მასწავლებელი მანანა (მიკო) მიქავა სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის დარღვევისთვის და 5000 ლარით დააჯარიმა. მიქავა ღამით დააკავეს აქციის დროს პიროტექნიკის სროლის გამო, შემდეგ კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„პუბლიკასთან“ მიქავა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა:
„არ ვაღიარებ არალეგიტიმური მთავრობის მიერ დასმული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონებს. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ 16 იანვარს მე არ ვიმყოფებოდი აქციაზე, პოლიციის სამმართველოსთან მივედი, რათა სამართალდამცავებისთვის ფეიერვერკით მიმელოცა ახალი წელი. არც ერთი ივენთითა თუ ატრიბუტიკით არ დასტურდება სამმართველოს მიმდებარედ აქცია, ხოლო რამდენიმე ადამიანის თავშეყრას თუ უკვე აქციად აღიქვამთ, იგივე ქმედებისთვის ბაზარსა და კონცერტზეც უნდა დააჯარიმოთ მოქალაქეები პიროტექნიკის გასროლისთვის.
მინდა მოგახსენოთ, რომ მე ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის ვაჟას, ილიას… ალუდამ მუცალს მარჯვენა არ მოაჭრა და არ დაემორჩილა თემის დადგენილ კანონებს, რადგან ის იყო კანიბალური და მიუღებელი! ასევეა ჩემთვის მიუღებელი ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონები და თუ აქციაზეც მომეხალისება ფეიერვერკი, აუცილებლად გავისვრი!
თქვენ მე დღეს სამშობლოს სიყვარულისთვის თუ დამაჯარიმებთ 5000 ლარით ან მომისჯით პატიმრობას, ეს ჩემთვის დიდი პატივია! “პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს! ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს აღარ დაადგას ქედზე უღელი!”
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ცვლილებით, ამ მუხლს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქციაზე პიროტექნიკისა და სახის დაფარვის გამო. აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა. სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარს. ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერჯერობით ნიღბის ტარებაზე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე სანქციის გამკაცრების შესახებ ჩანაწერი არ არის, პიროტექნიკის გამოყენების მუხლი კი ორგანიზატორის შემთხვევაში 15000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.