„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის #88; #40; #66; #63; #84; და #5 უბნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერასა და შემაჯამებელი ოქმების გაცემას აჭიანურებენ საოლოქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის დავალებით. ანა წითლიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ უბნებზე ხმების მიხედვით ოპოზიცია ლიდერობს და „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ოქმების ჩასწორება სურთ.
„ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან საპატრულო პოლიციაც გამოიძახადა და მოითხოვა შემაჯამებელი ოქმების ასლების მისთვის გადაცემა, ასევე საქმეზე გამოძიების დაწყება.
„შედგენილია ოქმი, მაგრამ არ იძლევიან. შემაჯამებელ ოქმებს არ იძლევიან იმიტომ, რომ იციან, ზუგდიდში აგებენ არჩევნებს. ახლა ეს ოქმები რეალურად სჭირდებათ ადგილებზე, რომ ნახონ ახლა რა ხდება უბნებში და შემდეგ რამენაირად შეძლონ ამ ოქმების ჩასწორება ადგილებზე“, – აცხადებს ანა წითლიძე.
ანა წითლიძის ბრალდებებს მირანდა მესხი უარყოფს:
„ყველაფერზე დადგება სამართლებრივი რეაგირება. ჩემ მიერ არანაირი ბრძანება არ იყო გაცემული. შესაბამისად, ყველა უბანი [შემაჯამებელი ოქმები] მოდის ადგილზე, ეგ იყო დეზინფორმაცია. არცერთ უბანთან არ მქონია კომუნიკაცია. მე თვითონ ვასწავლი უბანს, რომ თითოეულმა დამსწრე წევრმა უნდა მოაწეროს ხელი და ეს არის მისი ვალდებულება“, – აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.