ზუგდიდში მეორედ დააკავეს აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან მერიის შენობის წინ პიროტექნიკა ისროლა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სიჭინავამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და დაწერა:
„გუშინ გამოვედი იზოლატორიდან ბევრმა იცით, დღეს დემონსტრაციულად, საჩვენებლად იმისა, რომ არ ვემორჩილები და არანაირი პატიმრობის არ მეშინია, ისევ გამოვიყენე პიროტექნიკა! ჩემი მაშხალა დაიჭირეთ, ჩემი. დაუმორჩილებლობა გრძელდება“.
პოლიციელი სიჭინავას ეუბნება, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აკავებენ, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
განახლება:
მარიამ სიჭინავასთან ერთად დააკავეს კერენ ესებუა. მოგვიანებით კი – მასწავლებელი მიკო მიქავა.
სიჭინავა 13 იანვარს გამართულ აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციაზე პიროტექნიკა გამოიყენეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ. ეს მუხლი შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. პარტიის ცნობით სიჭინავა 5 000 ლარით დააჯარიმეს.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ცვლილებით, ამ მუხლს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქციაზე პიროტექნიკისა და სახის დაფარვის გამო. აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა. სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარს. ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერჯერობით ნიღბის ტარებაზე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე სანქციის გამკაცრების შესახებ ჩანაწერი არ არის, პიროტექნიკის გამოყენების მუხლი კი ორგანიზატორის შემთხვევაში 15000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.