ზუგდიდში აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს

პუბლიკა

ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.

აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა.

სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა.

„პოლიცია სთხოვდა ტელეფონის ჩაბარებას, რაზეც შაკომ უარი განაცხადა. ახლა საქმე არის ორი მუხლით, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და 174-ე პრიმა –  აქციაზე სახის დამფარავი საშუალებით მისვლა. შაკო არის ზუგიდიდს აქციების მედროშე და პოლიციური რეჟიმი, ბათუმის პარალელურად, ზუგდიდშიც აკავებს მედროშეებს! ცეცხლი ოლიგაქრიას!“, – დაწერა მარიამ სიჭინავამ.

29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ პერფომანსი მოაწყო. მან სახე ნიღბით დაიფარა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული „ჯოჯოხეთის ქვაბში“ მოხარშა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.