ზუგდიდში დევნილები შიმშილობას აგრძელებენ | „ან მოვკვდებით, ან ობიექტურად შეაფასონ ჩვენი საცხოვრებელი"

პუბლიკა

ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში მე-14 დღეა, აფხაზეთიდან დევნილი 4 ადამიანი შიმშილობს. მათგან ერთ-ერთმა, 63 წლის ქეთევან ინალიშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ კომისიამ არასამართლიანად შეაფასა მათი საცხოვრებელი მდგომარეობა. ამბობენ, რომ შეფასებისას მათ ჩამოაკლეს ქულები და ამის გამო ისინი ვეღარ მოხვდნენ სიაში და აღარ გადაეცათ ახალი საცხოვრებელი ფართი.

ერთ-ერთი მოშიმშილის შვილი, ნინო ბენია აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, კომისიამ თავიდან გადაამოწმოს მათი მდგომარეობა და გადაწყვეტილება ობიექტურად, სამართლიანად მიიღოს.

 

„დედაჩემი 1993 წლიდან ცხოვრობს ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში და ელოდებოდა, რომ მიიღებდა ბინას, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა 4 ადამიანი შიმშილობს, თუმცა არიან სხვა დევნილებიც, ვინც ბინების გარეშე დარჩნენ და იმავეს მოითხოვენ. მათ აპლიკაცია შევსებული ჰქონდათ საცხოვრებელი ბინის მოთხოვნით და ზუგდიდში, გვარამიას ქუჩაზე, ახალ საცხოვრებელ კორპუსში ელოდნენ ბინის მიღებას.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, კომისიამ თავიდან გადაამოწმოს და შეაფასოს საავადმყოფოს შენობაში არსებული მდგომარეობა, სადაც ახლა ცხოვრობენ. თუ უკვე აშენებულ კორპუსში აღარ არის დარჩენილი საცხოვრებელი ფართები, იქნებ, პირობა, გარანტია მაინც მისცენ ამ ადამიანებს, რომ მომავალში გაითვალისწინებენ მათ მოთხოვნას“, – ამბობს ნინო ბენია „პუბლიკასთან“.

მოშიმშილეები – ქეთინო ინალიშვილი, ნანული ბენია, ინეზა კვანტალიანი და ჯამბული ბაძაღუა 28 წელია, ზუგდიდში, კოსტავას ქუჩის #30-ში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობენ. ქეთევან ჯობავა, რომელიც მოშიმშილეების მეზობელია და მათ პრობლემებს კარგად იცნობს, „პუბლიკას“ უყვება პროტესტის მონაწილეების მძიმე სოციალური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების შესახებ.

მისი თქმით, საავადმყოფოს შენობა ავარიულია, რაზეც არსებობს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც.

„ეს არის საშინელება. ამ შენობაში საპირფარეშო არ არსებობს. ყველა ოთახს აწვიმს და გაუსაძლისი პირობებია. წარმოგიდგენიათ? –  სააბაზანო არ აქვთ. ძალიან დანესტიანებულია მეორე სართული, რადგან აწვიმს. თითო ოჯახი 9-10-12 კვ.მ-ის ფართში ცხოვრობს. გაუსაძლისია ეს ყველაფერი.

საშინელი სუნი დგას. გვერდით მშენებლობა მიმდინარეობს და გახსნეს კანალიზაციის მილები და ფეკალური მასა მიწის ზემოთ ამოდის უკვე დიდი ხანია. ამ საშინელებას სუნთქავს აქ მთელი საზოგადოება უკვე დიდი ხანია. ან მოვკვდებით და აქედან გაგვასვენებენ, ან ხელახლა შეაფასონ ობიექტურად ჩვენი საცხოვრებელი პირობები, ამბობენ მოშიმშილეები“, – განაცხადა ქეთევან ჯობავამ „პუბლიკასთან“.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შეკითხვებით, ხომ არ გადაიხედება სააგენტოს გადაწყვეტილება და ხომ არ იგეგმება მოშიმშილეების მოთხოვნებზე შემხვედრი ნაბიჯები სააგენტოს მხრიდან. სააგენტომ ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაგვცა და წერილობით მოგვწერა ზოგადი პასუხი, რომ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა კომისიამ.

„ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით ჰქონდათ შეკითხვები. კომისიამ იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით – თითოეულ დევნილ ოჯახს განემარტა, თუ რატომ დააკმაყოფილეს ამ ეტაპზე ახალი საცხოვრებელი ფართით და შესაბამისად, მათთვის ეს მიზეზები ცნობილია“, – განაცხადეს სააგენტოში.

მათივე განცხადებით, ამ ეტაპისთვის ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი ორი ნგრევადი შენობა დაიხურა და ბინით დაკმაყოფილდა 600 დევნილი ოჯახი.  მათი თქმით, სულ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინით დაკმაყოფილდა 1400-მდე დევნილი ოჯახი. სააგენტოს განცხადებით, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.