ზუგდიდში ენმ აქცია-მსვლელობას მართავს

პუბლიკა

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა აქცია-მსვლელობას მართავს.

საპროტესტო მსვლელობა ენმ-ს ზუგდიდის ოფისიდან დაიწყება და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დასრულდება.

აქციაზე მისული ადამიანები მედიასთან აცხადებენ, რომ მოითხოვენ, გადადგეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი და არჩევნების მეორე ტური სამართლიანად ჩატარდეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ მაჟორიტარ კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას გადათვლის შედეგად საარჩევნო ხმები უსამართლოდ დააკლდა.

აქციის დაწყებამდე ზუგდიდში შეკრებილებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით ბათუმში დაღუპულებს მიაგეს პატივი.

ენმ-ს ლიდერები საოლქო კომისიას ხმების ხელოვნურად გადათვლაში ადანაშაულებენ, მირანდა მესხს კი მიაჩნია, რომ მისი ქმედება კანონიერია.


7 ოქტომბერს ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის შემდეგ არჩევნების პირველ ტურში დამდგარი შედეგები შეიცვალა.

კერძოდ, ენმ-ის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა, რომელმაც პირველი ტური მოიგო, ხმების ხელმეორედ გადათვლის შემდეგ მანდატი დაკარგა. ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოემატა და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.

ამ გადათვლის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის 45-კაციანი საკრებულოში მოპოვებული 23 მანდატიდან ერთი დაკარგა. პარტია 22 დეპუტატით უმრავლესობაში რჩება, თუმცა უმრავლესობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოში 23 მანდატი სჭირდება.

გადათვლის შემდეგ ენმ-ს 22, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 19 მანდატი აქვს. სამი მანდატი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიამ მოიპოვა.

ერთი მანდატი გაუნაწილებელია და მისი ბედი მეორე ტურში გადაწყდება ენმ-სა და „ოცნების” კანდიდატებს შორის. ამ მანდატის მოპოვების შემთხვევაში ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობას ენმ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს.