ზუგდიდში ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე: მერიიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლება იგეგმება

პუბლიკა

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე, მაია კალანდია ამბობს, რომ ზუგდიდში საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული პირების მასობრივი გათავისუფლება იგეგმება. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილს ერთთვიან ხელშეკრულებები გაუფორმეს და ოპოზიციურად განწყობილებს, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ.

„არჩევნების გაყალბების შემდეგ ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ დაიწყო მოსახლეობის ტერორი სხვადასხვა გზით, ჩვენ ვხედავთ 55 დღის განმავლობაში მედიის დაშინებას, ციხეში გამომწყვდევას, ახალგაზრდების ტერორს, ცემას და სამეგრელოში ამ ყველაფრის შემდეგ ახლა მოვიდა ტერორის შემდეგი ეტაპი, რომელსაც ხელმძღვანელობს ივანიშვილის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი კი არა, მათი მეგობარი მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც დაიწყო ზუგდიდში დათო ვერავასთან, გუბერნატორთან და წოწერიასთან ერთად ახალი ტერორი – საჯარო სამსახურებში, საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მასობრივი გათავისუფლება სამსახურებიდან. როგორც ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, მამუკა წოწერიას, მერს, წინ უდევს 350-კაციანი სია და მათთვის გუშინ და დღეს უკვე დასრულდა ერთთვიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ერთთვიან ხელშეკრულებას უფორმებენ ადამიანებს საცდელად, ახალაყვანილებს წესით და რიგით, აქ კი საქმე გვაქვს ტერორთან, გაჟონილი არჩევნების შემდეგ „კაპიტნებმა“ მიიტანეს სია, ვინ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ და ვინ არ მისცა, ვინც არ მისცა, ამ ადამიანებს მასობრივად ათავისუფლებენ სამსახურებიდან“, – თქვა მაია კალანდიამ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ „ფრაქცია „ახალის“ ბრალდება არის სიცრუე, ვინაიდან ყველა თანამშრომელს კანონის სრული დაცვით გაუფორმდა ხელშეკრულება“.