ზუგდიდში ხალხი ვერანაირმა ტერორმა ვერ დაჩაგრა, ამას ვერც „ოცნება“ შეძლებს | ნიკა მელია ზუგდიდში ჩავიდა

პუბლიკა

ზუგდიდის საოლქო კომისიაში გუშინ ხმების გადათვლის შემდეგ არჩევნების პირველ ტურში დამდგარი შედეგები შეიცვალა.

კერძოდ, ენმ-ის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა, რომელმაც პირველი ტური მოიგო, ხმების ხელმეორედ გადათვლის შემდეგ მანდატი დაკარგა. ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოემატა და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.

ამ გადათვლის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის 45-კაციანი საკრებულოში მოპოვებული 23 მანდატიდან ერთი დაკარგა. პარტია 22 დეპუტატით უმრავლესობაში რჩება, თუმცა უმრავლესობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოში 23 მანდატი სჭირდება.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეცვლის შემდეგ ზუგდიდში ენმ-ის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ჩავიდა.

„მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში ზუგდიდში „ერთიანმა ნაცინალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა გამარჯვება. საკრებულო დააკომპლექტა ოპოზიციამ. გუშინ, ღამით „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საარჩევნო საოლქო კომისიაში შეიკრიბა. უკანონოდ გადათვალეს ხმები, ქურდულად და ერთ-ერთ ჩვენს გამარჯვებულ მაჟორიტარს ხმების გადათვლის შემდეგ პირველ ტურში მარცხი ჩაუთვალეს. ზუგდიდში ვერც მხედრიონის ტერორმა და ვერანაირმა ტერორმა ვერ დაჩაგრა ადამიანები. ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ საარჩევნო ზონდერების გამოყენებით მოპოვებული გამარჯვება წაართვას ქართველ ხალხს.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.