„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში 9 ოქტომბერს საპროტესტო აქცია დააანონსა.
ზუგდიდში ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია მიიღებს, ხელახლა გადათვალეს და მაჟორიტარობის კანდიდატ მანუჩარ ფიფიას ხმები დააკლეს.
„ხელოვნურად დაძრეს ხმის გადათვლის პროცესი და პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი გამოაცხადეს დამარცხებულად. წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს, ხალხო“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, ამ ოლქში ხმების გადათვლის საფუძველი არ იყო, „ქართულ ოცნებასაც“ არ ჰქონდა დაწერილი საჩივარი და მანუჩარ ფიფიას გამარჯვება, ფაქტობრივად, აღიარებული იყო, თუმცა კონკურენტი კანდიდატის მამის საჩივარზე გადაითვალა წუხელ უბანი.
„რასაც უნდა ლუქავენ, რასაც უნდათ, ხსნიან, ჭრიან და კერავენ, მაგრამ ვერ აღწევენ საწადელს, ხალხო. მაინც უმრავლესობაშია ოპოზიცია, მაგრამ რა არის გამოსავალი? ხედავთ, როგორი განუკითხაობაა ქვეყანაში; გუშინ გამარჯვებული ადამიანი როგორ იქცა დღეს დამარცხებულად? მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს, რას გვირჩევდით, თვალები დავხუჭოთ? არ ვიბრძოლოთ სიმართლისთვის?“, – განაცხადა მელიამ.
ენმ-ის თავმჯდომარემ სიმართლის დამტკიცებამდე ბრძოლა დააანონსა.
„მოგვიანებით დავააანონსებ კონკრეტულ საათს ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში მცხოვრებლებს ვთხოვთ, ხვალ შევიკრიბოთ და მკაფიო ხმა გავაგონოთ საქართველოს“, – განაცხადა მელიამ.
ზუგდიდის საოლქო კომისიაში გუშინ ხმების გადათვლის შემდეგ არჩევნების პირველ ტურში დამდგარი შედეგები შეიცვალა.
კერძოდ, ენმ-ის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა, რომელმაც პირველი ტური მოიგო, ხმების ხელმეორედ გადათვლის შემდეგ მანდატი დაკარგა. ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოემატა და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.
ამ გადათვლის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის 45-კაციანი საკრებულოში მოპოვებული 23 მანდატიდან ერთი დაკარგა. პარტია 22 დეპუტატით უმრავლესობაში რჩება, თუმცა უმრავლესობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოში 23 მანდატი სჭირდება.
გუშინდელი გადათვლის შემდეგ ენმ-ს 22, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 19 მანდატი აქვს. სამი მანდატი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიამ მოიპოვა.
ერთი მანდატი გაუნაწილებელია და მისი ბედი მეორე ტურში გადაწყდება ენმ-სა და „ოცნების” კანდიდატებს შორის. ამ მანდატის მოპოვების შემთხვევაში ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობას ენმ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს.