ზუგდიდში მკვლელობა მოხდა და დანაშაულის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული პირი.

უწყების ინფორმაციით, შსს-მ თავდაპირველად ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ მიიღო შეტყობინება. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ერთი მოქალაქე უკვე გარდაცვლილი დახვდათ, რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.